ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “ძველი სუფრა” მომხმარებელს მუდმივად სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ბოლო პერიოდში შეთავაზებული სიახლე კი ჭურჭლის კოლექციის დამატება გახლდათ. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის მენეჯერმა ირინა ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ჭურჭლის დიზაინი ქართული ორნამენტებისა და მოტივების შთაგონებით შეიქმნა.
რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?
„ძველი სუფრა “, მუდმივად მზარდი და განვითარებადი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის საინტერესო სიახლეებს.
გასული წლის მეორე ნახევარში მთავარი სიახლე გახლდათ ჭურჭლის კოლექციის დამატება - ფაიფურის და მინის ჭურჭელი.
ჭურჭლის დიზაინი ქართული ორნამენტებისა და მოტივების შთაგონებით შეიქმნა.
უმაღლესი ხარისხის ჩინური ფაიფურის (Bone China) ჭურჭელი - ნატიფი, თხელი ნაკეთობაა, გამორჩეული ფერების სიხასხასით და წმინდა გამოსახულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაიფურის ჭურჭლის ზოგიერთ დიზაინში გამოყენებულია ნამდვილი ოქრო, მაგალითისთვის ჭიქა „დამწერლობა“, რომელიც ქართული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა და დიზაინში მოოქროვილი ასოები გახლავთ წარმოდგენილი, იგივე შეიძლება ითქვას „ინტელიგენციის“ ჭურჭლის კოლექციაზე.
კოლექციაში ფაიფურის ჭურჭლის საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტით გვაქვს, რომელშიც ერთიანდება სხვადასხვა სახის, უკვე პოპულარული დიზაინის დიდი და პატარა თეფშები, ჭიქები და ჯამები.
ჭურჭლის კოლექციის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება მინის ჭურჭელია. ქართულ ბაზარზე მინის ჭურჭელი ქართული ორნამენტების დიზაინით პირველად ჩვენ წარმოვადგინეთ და ამ ნიშას უკვე რამდენიმე თვეა ვიკავებთ. მინის ჭურჭელში ერთიანდება ე.წ. წვენის ჭიქები; იგეგმება მინის ჭურჭლის ასორტიმენტის გაზრდა და გამრავალფეროვნება. ამ მიმართულებით სიახლეებს ძალიან მალე შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებლებს.
რა თქმა უნდა მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა ქსოვილის მიმართულებითაც. გასული წლის ბოლოს, სუფრების კოლექციას დაემატა რამდენიმე ახალი დიზაინი „ვაზი“, „უცნობი გალაკტიონი“ და განახლებული დიზაინით სუფრა „სანადიმო“.
ცოტა ხნის წინ კოლექციაში დაგვემატა კიდევ ერთი ახალი სუფრა „ალუბლები“, რომელიც გალაკტიონის ლექსის „მშობლიური ეფემერის“ შთაგონებით შეიქმნა და მალევე მიიქცია მომხმარებლების ყურადღება.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენი კოლექციის ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია. მომხმარებლებს ჩვენთან შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა სახის სახლის და პირადი აქსესუარები: სუფრები, რანერები, ხელსახოცები, პლედები, წინსაფრები, თავშლები, ჩანთები, ქამრები, სასაჩუქრე ბარათები და რა თქმა უნდა მინის და ფაიფურის ჭურჭელი.
როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი?
ინტერესი საკმაოდ მზარდია, რასაც განაპირობებს პროდუქციის მაღალი ხარისხი, სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა და ქართულ მოტივებზე შექმნილი საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინები. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელები, რომლებიც ჩვენ ნივთებს იძენენ როგორც სახლისთვის, ისე საჩუქრებად ძვირფასი ადამიანებისთვის.
გარდა ამისა, დიდი დაინტერესებაა ჩვენი პროდუქციის მიმართ ქართული კომპანიებისგან, რომლებიც ჩვენთან საჩუქრებად იძენენ ნივთებს თავიანთი სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ძველი სუფრის “კონკურენტულ უპირატესობად პირველ რიგში მიგვაჩნია პროდუქციის მაღალი ხარისხი. ჩვენი მთავარი ნიშა ბუნებრივი ქსოვილია, კოლექციაში არსებული ნივთები, მაგალითად სუფრები 100% ბამბის ქსოვილია მკვეთრი, ხასხასა ფერებით და წმინდა გამოსახულებით. ჩვენი პროდუქტების დიზაინებზე წარმოდგენილი უმცირესი დეტალებიც კი თვალისთვის ძალიან კარგად აღსაქმელია.
პირადი აქსესუარებისთვის, მაგალითად, თავშლებისთვის ვიყენებთ ასევე ბუნებრივ ქსოვილს - ვისკოზას, რომელიც გახლავთ ანტიალერგიული და შეხებისას სასიამოვნო ქსოვილი.
რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხოთ ფერების მნიშვნელობას ჩვენ დიზაინებში. „ძველი სუფრა“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ქართული სუფრები სხვადასხვა ფერებში და თანამედროვე დიზაინში წარმოადგინა.
მოგეხსენებათ, ქართულ მოტივებზე შექმნილი სუფრები ტრადიციულად თეთრ და ლურჯ ფერში იყო გადაწყვეტილი, ჩვენ კი შემოვიტანეთ სხვადასხვა ფერი, შემდგომში ეს ერთგვარ „ტრენდად“ ჩამოყალიბდა და მისაბაძი გახდა სხვებისთვის.
როგორია გეგმები 2025 წელს გაფართოებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
როგორც უკვე აღვნიშნეთ 2025 წელს იგეგმება კოლექციის გამრავალფეროვნება სხვადასხვა სახის ასორტიმენტით. აქტიურად ვმუშაობთ საინტერესო, რა თქმა უნდა ქართული თემატიკის სუფრების დიზაინებზე, ასევე ჭურჭლის ასორტიმენტის გაზრდაზე.
ცნობისთვის, კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან აწარმოებს ქართულ ტრადიციულ სუფრებს. 2020 წლის აგვისტოში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის სფერო. “ძველი სუფრას” ფილიალები მდებარეობს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
უახლესი
17 საათის წინ
„ქართული კალათა“ საწარმოს გახსნას გეგმავს17 საათის წინ
ქართული რაგბის არქიტექტორი