დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გრუმინგ ცენტრი "ცუგრუმელა" გაფართოებას გეგმავს

გრუმინგ ცენტრი "ცუგრუმელა" გაფართოებას გეგმავს

04-04-2025 13:00:00

გრუმინგ ცენტრი TsuGroomella • ცუგრუმელა დაახლოებით ორი წელია, რაც არსებობს და საკუთარ მომხმარებელს მეგობარი ცხოველებისთვის სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. არსებულ სერვისებს კი ახლა ალოპეციის მკურნალობის ხაზი დაემატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მერი ლორთქიფანიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სალონში ყველა სერვისია, რაც შეიძლება მეპატრონეს საკუთარი ძაღლისთვის დასჭირდეს.
„განსაკუთრებული სიახლე გვაქვს ის რომ არსებულ სერვისებს დავამატეთ ალოპეციის მკურნალობის, იგივე ბეწვის ცვენის ხაზი, რაც აქამდე არ გვქონდა. ჩვენთან, აბსოლუტურად ყველა სერვისია, რაც შეიძლება დასჭირდეს მეპატრონეს თავისი ძაღლისთვის “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მერი ლორთქიფანიძე.

გრუმინგ სალონზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია თავიდანვე გამორჩეული იყო ხარისხიანი მომსახურებით.

„მოთხოვნა ძალიან მაღალია და რაც დრო გადის უფრო მატულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ადამიანებმა გაიგეს და მიხვდნენ თუ რას ნიშნავს ძაღლის სწორი  გრუმინგი და შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა ხარისხიან მომსახურებაზე, რაც აქამდე არიყო. ჩვენ თავიდანვე არ ვიყავით ორიენტირებული რაოდენობაზე, ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით ხარისხზე. თავიდანვე როცა დავიწყეთ საქმიანობა შევეცადეთ, რომ ყველა სერვისი მოგვეცვა და ყველაფერი გვქონოდა “, - განმარტავს მერი ლორთქიფანიძე.

კომპანიის დამფუძნებელი გრუმინგ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და მთავარ გამოწვევად მომხმარებელთან ინფორმაციის სწორად მიწოდებას ასახელებს.
„ყველაზე დიდი გამოწვევა არის სწორი ინფორმაცია ჩვენს სფეროში, სწორი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან. რატომ უნდა მოვიდეს შენთან და არ წავიდეს სხვაგან. ბიომეტრიული პროგრესიით იზრდება გრუმინგების რაოდენობა. ჩვენ, როდესაც გავიხსენით, პირობითად ავიღოთ თუ იყო 10, ახლა არის ალბათ 100. რომ მოიცვა ის სეგმენტი, რომელიც გჭირდება და მოიცვა სწორად - ამის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. სერვისის კუთხით ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მოდის კლიენტი და  99%-ში მიდის კმაყოფილი. ასევე, ჩვენ  პრობლემა არ გვაქვს ინვენტარის კუთხით, რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე არაფერი იშოვება და ყველაფრის იმპორტირება გვიწევს, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კოსმეტიკის მოწოდებასთან  დაკავშირებითაც პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ის კოსმეტიკა, რომელსაც მოვიხმართ საკმაოდ ძვირიანია და შემომტანს არ აწყობს, რომ დიდი რაოდენობით შემოიტანოს და შესაბამისად გვაქვს ხოლმე წყვეტა და ამაზე ძალიან ვწვალობთ, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა არის, რომ სწორი ინფორმაცია მიიტანო იმ ადამიანამდე ვისაც შენ სჭირდები “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ცუგრუმელა“ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი ფილიალის გახსნას საგურამოშიც გეგმავს.
„სამომავლო გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. დავამატეთ ერთი ფილიალი, რომელსაც ახლა ვაფართოებთ  და უფრო დიდ შენობაში გადავდივართ. ვხსნით კიდევ ერთ ფილიალს საგურამოში იმიტომ, რომ იქაც ძალიან მოიმატა მოთხოვნამ, ასევე ვხსნით პატარა მაღაზიას რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრუმინგის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს მაღაზია და უნდა იყოს ცალკე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ცალკე გავაკეთოთ. ასევე ჩვენმა გრუმერებმა დაიწყეს სწავლა კინოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტთან და სწავლობენ ძაღლების შეფასებას. კინოლოგ-ექსპერტის პროფესიას ეუფლებიან, რაც თვითონაც ძალიან დაეხმარებათ შემდეგ სამუშაო პროცესში სწორად მიუდგნენ ძაღლს და საგამოფენო გრუმინგი სწორად ჩაატარონ. ამჟამად სამი გრუმერი გვყავს. ასევე ავიღეთ ამერიკის საერთაშორისო გრუმერთა ასოციაციის სერტიფიკატები. ორმა გრუმერმა უკვე ჩააბარა გამოცდები და ერთიც პროცესშია, რომ ჩააბაროს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მერი ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, კომპანია საწყის ეტაპზე სამ ადამიანს ასაქმებდა ამჟამად კი 18 ადამიანს ასაქმებს.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები