დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუნელების ქართული ბრენდი „ხომლი“ წარმოების ზრდას და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

სუნელების ქართული ბრენდი „ხომლი“ წარმოების ზრდას და საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს

25-03-2025 17:00:00

სუნელ-სანელებლების ქართული ბრენდი „ხომლი“, რომელსაც კომპანია „ფარკონი“ აწარმოებს, 2025 წელს წარმოების და არსებულ საექსპორტო ბაზრებზე გაფართოებას აპირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ფარკონის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მამუკა ალფაიძემ განაცხადა, „ხომლის“ ბრენდით სუნელები აქტიურად იყიდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე ექსპორტზეც.

„ჩვენი სუნელები წარმოდგენილია რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში. ამ ეტაპზე „ხომლის“ ბრენდი დაახლოებით 70-მდე სუნელს აწარმოებს, თუმცა ყველაზე გაყიდვადი მაინც სვანური მარილი, მშრალი აჯიკა, შავი წიწაკა, უცხო სუნელი და ხმელი სუნელია. 

კომპანია აქტიურად მუშაობს ასორტიმენტის ზრდაზე. ახლახან გამოვუშვით ხმელი პომიდვრის ჩიფსები ბაზილიკთან და ნიორთან ერთად და აღნიშნული სუნელის გამოყენება შესაძლებელია პიცაზეც,  სუპებში და სხვა. ახალი პროდუქტი ქსელში ძალიან მალე შევა, თუმცა ექსპორტზე უკვე გავიტანეთ“, - ამბობს მამუკა ალფაიძე. 

„ფარკონის“ დამფუძნებლის თქმით, „ხომლი“ დღეისათვის ექსპორტზეა გასული და აქტიურად იყიდება აშშ-ში, ისრაელში, უკრაინაში, რუსეთში და ბალტიის პირეთის ქვეყნებში.

„დღეის მონაცემებით, ჩვენს პროდუქციაზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა ისრაელში, თუმცა ივნისში მონაწილეობას ვიღებთ აშშ-ში დაგეგმილ გამოფენაში და იმედი გაქვს, რომ ახალ მოლაპარაკებებს დავიწყებთ და ახალ პარტნიორებს მოვიძიებთ“, - აცხადებს ალფაიძე. . 

„ხომლი“ ექსპორტზე 5 წელია რაც გავიდა და მისი პირველი საექსპორტო ბაზარი აშშ-ი იყო. როგორც „ფარკონის“ დამფუძნებელი ამბობს, ამერიკის ბაზარზე შესვლა საკმაოდ ძნელი იყო, თუმცა კომპანიამ დასახულ მიზანს მიაღწია და აშშ-ში ექსპორტი დაიწყო.

ირკვევა, რომ „ფარკონი“ „ხომლის“ ბრენდის სუნელებს ქუთაისში მდებარე საწარმოში აწარმოებს და კომპანია წლიდან წლამდე წარმოებას, მოთხოვნის ზრდის ფონზე, 15-20%-ით ზრდის. 

მამუკა ალფაიძის თქმით, არსებული საწარმოს სიმძლავრეები უფრო დიდია და კომპანიას მეტი მოცულობების წარმოების შესაძლებლობები აქვს. 

„წლის განმავლობაში 15 მლნ ერთეული შეფუთვის წარმოები შესაძლებლობა გაქვს“, - აცხადებს „ფარკონის“ დამფუძნებელი. 

კომპანიის მიერ წარმოებული სუნელის 50%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 50%-ის სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გადის. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს კომპანია არსებულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად გაფართოებითაა დაკავებული და ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები