სუშის რესტორანი რამეკაი • Ramekai გაფართოვდა. ორიოდე თვის წინ კომპანიამ ახალი ფილიალი ორბელიანის მოედანზე გახსნა. როგორც შეფი გიორგი ხვისტანი Business Insider Georgia-თან ამბობს, აზიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება. მათ შორის, ,,რამეკაის“ ნიშა და უნიკალური გემოები გამოარჩევს. მეხუთე წელია, იგი აქტიურად იზიდავს მომხმარებელს, რომლის 40%-ს უცხოელი ტურისტები წარმოადგენენ.
,,5 წლის წინ, როდესაც ,,რამეკაი“ იწყებდა საქმიანობას, აზიური რესტორნის წარმატება ბევრს საეჭვოდ მიაჩნდა. დიდი მოთხოვნა არ იყო, მაგრამ რისკი ღირდა. დღეს ძალიან პოპულარული ვართ და ჩვენი სამზარეულოს მიმართ მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ახლა შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი სტაბილური და სწრაფად განვითარებადი კომპანია ვართ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და განსხვავებულს ხდის ბრენდს. მომხმარებელი განსხვავებას გრძნობს პირველივე წუთიდანვე, როგორც კი ჩვენი რესტორნის ზღურბლს გადმოაბიჯებს“, - ამბობს გიორგი ხვისტანი და დასძენს კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობაზეც, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება და გარემო უფრო ჯანსაღი ხდება.
,,დიდი კონკურენციაა, ვინაიდან აზიური რესტორნები საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი ბაზარზე. დაახლოებით 150- მდე აზიური კვების ობიექტია მხოლოდ თბილისში. გამომდინარე აქედან, არსებული გარემო სულ უფრო ტონუსში გვამყოფებს და მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ გამორჩეული ნიშა გვიჭირავს. ეს არის აზიისთვის დამახასიათებელი სურნელი და ემოცია. ამდენად, ,,რამეკაის“ წარმატების საიდუმლო გახლავთ მის გულწრფელობაში და იმ ემოციაში, რასაც მომხმარებელი განიცდის. ჩვენი საქმიანობით ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ არ ვყიდით კერძებს, ჩვენ ვყიდით ემოციას. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ერთ ერთი განმასხვავებელი ნიშანი. ამით აიხსნება მომხმარებლების მზარდი რაოდენობაც. ჩვენი სტუმრების 40% ტურისტია. ამას აქვს თავისი ახსნა. ჩვენი კერძები თავიდანვე ხასიათდებოდა კონტრასტული, მძაფრი გემოებით, რაც აზიური კერძების დამახასიათებელი თვისებაა. მენიუ არ იყო ქართულ რეცეპტორებზე მორგებული. ასეთი მიდგომით თავიდან ოდნავ გაგვიჭირდა რენტაბელობის და სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში რისკმა გაამართლებდა და არც შევმცდარვართ“, - აცხადებს გიორგი ხვისტანი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, მისი თქმით, კომპანია მუშაობს, რომ ,,რამეკაის“ გეოგრაფიული არეალი გაფართოვდეს და უკვე რეგიონებშიც გახდეს ხელმისაწვდომი სერვისი, რაზეც მუშაობა დაწყებულია. თუმცა ცნობილი შეფი დეტალებზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ სუშის რესტორანი ,,რამეკაის“ პირველი ობიექტი თბილისში 2017 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის 37 ნომერში გაიხსნა. სულ ცოტა ხნის წინ ახალი, რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა ორბელიანის მოედანზე, ფხოვის #1 ნომერში, რომელიც ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია და მაღალი დატვირთვით მუშაობა სექტემბრიდან მოუწევს.
ამ ეტაპზე კომპანიაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი