ოკუპირებული აფხაზეთი სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ ყოველწლიურად მინიმუმ მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს, თუმცა სასტუმროს ბაზა ტურისტული ტრაფიკის ასეთი მოცულობისთვის გათვლილი არ არის, - თქვა „სპექტრის ჯგუფის“ პრეზიდენტმა ევგენია კონკოლმა.
„ერთ წელიწადში (ოკუპირებული - რედ) აფხაზეთის აეროპორტი ამოქმედდება. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. გეგმის მიხედვით, აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 1 მილიონი ტურისტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ იქ სასტუმროები არ არის. არსად არის ამ მილიონი ტურისტის განთავსების საშუალება“, - თქვა მან რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის (RST) სტრატეგიულ სხდომაზე გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა SPIEF-ში გააფორმეს შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიხურა.
აეროპორტის რეკონსტრუქციაზე სამუშაოები კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება. წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მილიარდი რუბლი იქნება. თუ პროექტი დროულად დასრულდება, აეროპორტი ფუნქციონირების განახლებას 2024 წლის მეოთხე კვარტალში გეგმავს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა