„საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.
კითხვაზე, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე.
„სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი.
ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა