მეღვინეობითა და ტურისტული კომპლექსით ცნობილი კომპანია ,,შუმი“ არაალკოჰოლური მიმართულების გაძლიერებას გეგმავს. ამ ეტაპზე კომპანია ზეითუნის ზეთის წარმოების პროექტზე მუშაობს. პირველი პარტია შემოდგომაზე უკვე მზად იქნება, რაზეც Business Insider Georgia- თან ,,შუმის“ დამფუძნებელმა კაკო ცოფურაშვილმა ისაუბრა.
„არაალკოჰოლური წვნები და ჩურჩხელა გვაქვს, რომელიც წინანდალში იყიდება. გვინდა, ეს მიმართულება უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ ზეითუნის საკუთარი პლანტაცია გვაქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ზეთის წარმოება დავიწყოთ. საუბარია მცირე საცდელ პარტიაზე, რომელსაც შემოდგომაზე გადავამუშავებთ. ჯერჯერობით დიდი სარეალიზაციო სივრცე არ გვექნება. პროდუქტით ,,შუმის“ ტურისტული კომპლექსი მომარაგდება, ჩვენს მიერ წარმოებულ ზეთს მოვიხმართ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ვფიქრობ, რომ ქართული ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, განსაკუთრებულად მიმზიდველი პროდუქტია, რომელსაც საქართველოსა და გლობალურ ბაზრებზეც დიდი პოტენციალი გააჩნია“, - ამბობს კაკო ცოფურაშვილი.
მისი ინფორმაციით, ახალი ზეითუნის ზეთი ,,შუმის“ სახელწოდებით გამოვა.
როგორც ცნობილია, კომპანია მომხმარებელს ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მათ შორის რამდენიმე ისეთს, რომელიც პატენტით დაცულ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და ანალოგი არ მოეპოვებათ მთელ მსოფლიოში, ასეთებია: „გენეზისი“, „ლაზარე“, „შობილი“, ჩურჩხელა „წინანდალი“, ნაყინი „ზიგუ“ და სხვა.
ღვინის კომპანია „შუმიმ“ საქმიანობა 1997 წელს, ვენახების გაშენებით დაიწყო და ბაზარზე უნიკალური ღვინოების მწარმოებელია.
კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
13 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს