დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს - გერმანიის საელჩო

შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს - გერმანიის საელჩო

26-04-2023 12:08:30

 

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აჭარას სტუმრობს. 

შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის.

ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება.

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები