მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომიტეტებში იწყება 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ეს არის პროგრესსა და განვითარებაზე აწყობილი ბიუჯეტი , - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ სტუმრობისას გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
„ბიუჯეტში არის ზრდა, რასაც ორი რამ განაპირობებს - ერთია, ინფრასტრუქტურული პროექტები და აქ აუცილებლად უნდა გამოვყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ამასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და ჯამში რეგიონისთვის და ქვეყანას კიდევ ერთი ახალი ფუნქცია და შესაძლებლობები ემატება.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მაგისტრალური გზის მშენებლობა, აგრეთვე მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება.
2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ.
შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა
უახლესი