საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა საქართველოს სანდო პარტნიორია და დადებითად შეაფასა ეუთოს თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანის ვიზიტი საქართველოში.
შალვა პაპუაშვილმა ტალატ ჯაფერის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა და პროცესის წარმატებით წარმართვა უსურვა. მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
ტალატ ჯაფერიმ აღნიშნა, რომ მზად არის, საქართველოს გაუზიაროს ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებთან დაკავშირებით და გააგრძელოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
უახლესი