საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სებ-ის 35 წელზე მეტი სტაჟის მქონე პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ნათია თურნავას განცხადებით, საფინანსო და საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ბანკირისა და საბანკოს სფეროს პროფესიულ დღეს, რომელიც მრავალი წელია აღინიშნება. სიმბოლური თარიღია, რადგან დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, რომლის სახელიც უკავშირდება თბილისში პირველი კომერციული ბანკის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნებასა და ხელმძღვანელობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი განაგრძობს მუშაობას, რომ ამ ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დაწესდეს და ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ეკონომიკური განივითარების ქვაკუთხედი.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საბანკო-საფინანსო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდება და სამაგალითოდ ფუნქციონირებს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სასიკეთოდ.
"ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვსაუბრობთ იმ დარგზე, რომელიც ამ ტურბულენტურ გარემოში გამოირჩევა განსაკუთრებული სტაბილურობით და ნდობით ხალხის მხრიდან. ამ ნდობამ ბევრი პრობლემა და რისკი ააცილა ჩვენს ხალხს და მსურს ამის გამო, უპირველეს ყოვლისა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს და რა თქმა უნდა, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსა და ბანკებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყანაში "გარე შოკების" გადასატანად.
"ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს საბანკო სექტორთან, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს გააჩნია კერძო სექტორთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ გარე შოკები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125-ი წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, 2001 წლიდან ყოველ 8 ნოემბერს აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძებაზე მიწვეულ სტუმრებს უნიკალური ქართული ბონებისა და საბანკო აქციების გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა