დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიის პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება, სამწუხარო და არასწორია.
„მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო - გარდაცვლილების ოჯახებსა და ნათესავებს. ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ქვეყანას. ამ ტრაგედიის, სტიქიის გამოყენება პოლიტიკურად და სპეკულაციურად კი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, როგორი კამპანია ჰქონდათ დაწყებული. თითქოს, ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო ოპერაციას ახორციელებდნენ, შოვში ჩამოვიდნენ და ჩემი ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს, ხალხი კი მიატოვეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი სიბინძურე წამოვიდა და ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ძალიან ცუდია მსგავსი ფაქტების დაფიქსირება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაგედიის, სტიქიის დროს, როცა ქვეყანას ამხელა უბედურება დაატყდა თავს, ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების მაგივრად, ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციების გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა