დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობები შესაძლოა, ევროკავშირის კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობები შესაძლოა, ევროკავშირის კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს

11-09-2024 17:00:00

უახლოეს ხანებში, ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანა აღიარებს საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. 

საქართველო და საბერძნეთი პროექტზე მუშაობას იწყებენ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის #1280 განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

როგორც განკარგულებაში წერია, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით ირლანდიასთა და ესპანეთთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან შევა ძალაში. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის აპრილში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

რაც შეეხება ირლანდიას, შსს-ს ცნობით, საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები