დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული საერთაშორისო არეალზე - მარიამ ქვრივიშვილი British Airways-სა და easyJet-ის შემოსვლაზე

საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული საერთაშორისო არეალზე - მარიამ ქვრივიშვილი British Airways-სა და easyJet-ის შემოსვლაზე

20-09-2024 13:00:00

ვფიქრობ, რომ ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული საერთაშორისო არეალზე, - ასე  შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებულ სამეფოს ავიაკომპანია British Airways-თან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკეები, რომლის შედეგადაც ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზაზე შემოდის. 

„იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში შემოდის უძლიერესი საერთაშორისო ბრენდი და ის საქართველოს მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 

„ძალიან რთული და საინტერესო გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ 2 დღის განმავლობაში 2 უმნიშვნელოვანესი სიახლე შეგვეწყობინებინა ჩვენი საზოგადოებისთვის. პირველი ეს არის ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან. რთული იყო, რადგანაც ავიაკომპანია უყურებს ძალიან ბევრ ინდიკატორს, მათ მგზავრთნაკადს, ტურისტული ნაკადების ზრდას და ასე შემდეგ. ეს პროცესი დიდწილად შეფერხდა თავის დროზე, COVID-19-დან გამომდინარე. შემდგომში უკვე აღდგენის დინამიკა და სტატისტიკური მაჩვენებლები, რამდენად იზრდება საქართველოში ტურიზმი, რამდენად მზარდია მგზავრთნაკადი, როგორია მოთხოვნა საქართველოს მიმართ ზუსტადაც, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და ე.წ. შორი მანძილის ქვეყნებიდან - ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ შევძელით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ავაჩქარეთ გადაწყვეტილების მიღება და ავიაკომპანიას რეალურად ჩვენ წარვუდგინეთ ციფრები ტურიზმში, ავიაციაში, რამაც განაპირობა მათი დადებითი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად არის გამორჩეული საერთაშორისო არეალზე. თუ რამდენად სწრაფად და მდგრადად ვითარდება ტურიზმის ინდუსტრია. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი უძლიერესი, საერთაშორისო ავიაკომპანია. ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ ყოფილა 2013 წლიდან, თუმცა მაშინ ეს იყო ე.წ. სამკუთხედი ფრენა. თუ სწორად მახსოვს კვირაში 2 სიხშირით იყო რეისები.

სახელმწიფოს პოლიტიკა სრულად ეფუძნება დივერსიფიკაციას. და ჩვენი პოლიტიკა თუ როგორ ვავითარებთ ტურიზმის ინდუსტრიას, რაც შემდგომ მერე ციფრებში ისახება და ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ტურიზმში ძალიან მკაფიოდ ჩანს ციფრებში. რა პოლიტიკასაც სახელმწიფო ატარებს ეს ისახება შემდეგ სტატისტიკაში, შემოსავლებში და ასე შემდეგ. და, რომ ჩვენი ტურიზმის სექტორი ძალიან დივერსიფიცირებულია და ჩვენ არ ვართ დამოკიდებული არც ერთ, არც ორ და არც სამ ქვეყანაზე, ამას ცხადყოფს ის ციფრები, რომელიც გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი რესურსი მიემართება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაძლიერებლად, ის, რომ ჩვენ გვინდა ახალი ქვეყნები, გაძლიერება ჩვენი ტურისტული პოტენციალის ჩინეთში, აზიაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან. როდესაც გასული წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და დიახ, ჩვენ გვქონდა გამოწვევა ის, რომ არ გვქონდა პირდაპირი ფრენები და ვამბობდით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. რა შედეგი მივიღეთ დღეს? ჩვენმა მუშაობამ რა შედეგი გამოიღო? ერთის მხრივ საქართველოში შემოდის უძლიერესი საერთაშორისო ბრენდი, ეს არის British Airways-ი და არა 2 სიხშირით, არამედ 4 სიხშირით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, უკვე დაანონსდა ქვეყანაში ავიაკომპანია EasyJet-ის შემოსვლაც.

„ჩვენ ორივე ავიაკომპანიასთან გვინდა მიმდინარე და პარალელური მოლაპარაკებები. კარგია ის, რომ ორივე ავიაკომპანიამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო იმსახურებდა ყოფილიყო ის ქვეყანა, სადაც ახალ მიმართულებას გახსნიდნენ. 2025 წლის მარტიდან, საქართველოს ლონდონიდან კვირაში 6 სიხშირით ექნება რეისები. ფაქტობრივად ყოველდღე გვექნება რეისები. კარგია ის, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვყავს ე.წ. ლეგასი ავიაკომპანია British Airways-ი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში უფრო მსყიდველუნარიანი ტურისტები შემოვლენ. მეორეს მხრივ ჩვენ გვყავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი, რომელიც გვანახა, რომ 40 ევროდ ლონდონიდან თბილისში და თბილისიდან ლონდონში იმოგზაურო. ეს არის ნათელი დემონსტრირება ჩვენი პოლიტიკის, თუ საით მიდის ქვეყანა, სად ხარჯავს სახელმწიფო რესურსს, რა არის ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ვაკეთებთ სწორებას და სად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. „დეილი მეილი“ და „ინდიფენტენტი“ უკვე საუბრობენ საქართველოში მოგზაურობის შესახებ. 2 ასეთი დონის ავიაკომპანიის შემოსვლა არის დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ეს არის უდიდესი მიღწევა და ეს გვაძლევს ძალიან ძლიერ პოზიციებს დიდ ბრიტანეთში და ზოგადად ევროკავშირში. 6 სიხშირე გაერთიანებული სამეფოდან ეს უკვე ნიშნავს დიდ გამტარუნარიანობას. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად დიდი ბრიტანეთიდან 200 ადამიანი შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ, მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს დიდ ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა. ვაპირეთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან, რომ საერთო მარკეტინგული კამპანიები გავაკეთოთ. ვაპირებთ, რომ ადგილობრივ კერძო სექტორთან ერთად დავგეგმოთ ტრადიციული საქმიანობები, რათა ერთად მოვახდინოთ ქვეყნის ცნობადობის გაზრდა. მე პირობას გაძლევთ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ თვალნათლივ დავინახავთ გაზრდილ სტატისტიკას დიდი ბრიტანეთიდან, რამდენი ტურისტი შემოვა და როგორ დაეტყობა ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ორი ავიაკომპანია – British Airways და EasyJet იწყებს ოპერირებას.
British Airways რეგულარულ ფრენებს ლონდონი- თბილისი- ლონდონის მიმართულებით, A320 Neo ბორტით შეასრულებს. ფრენები ჰითროუს აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. BRITISH AIRWAYS – ი INTERNATIONAL AIRLINES GROUP – ის წევრი ავიაკომპანიაა, რომელიც 65 ქვეყნის, 190 მიმართულებით ოპერირებს.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet -ი პირველ რეისს 2025 წლის 31 მარტს ჟენევა – თბილისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 1 აპრილიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით ფრენებს  ლონდონისა და  მილანის მიმართულებით დაიწყებს, B737-800 ბორტით. EasyJet 343 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 35 ქვეყნის 158 აეროპორტში ოპერირებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები