ეროვნული ბანკი და ქართული საფინანსო სისტემა ასრულებდა პირველივე დღიდან და კვლავაც აღასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველო არასოდეს არ იქცევა და მისი საფინანსო სისტემა სანქციებისთვის თავის არიდების ადგილად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი მონიტორინგის სისტემა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს საბანკო სისტემას დადებითი შეფასება რამდენჯერმე აქვს მიღებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
„კვლევაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და თითოეულ საბანკო ინსტიტუტთან“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა