მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრის და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის და საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სებ-ის გუნდში ცნობილი უცხოელი კონსულტანტების შეერთებასთან დაკავშირებით. ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-ი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის, გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით.
სებ-ის შიგნით ჩვენი პროფესიული ზრდა, საინტერესო ახალი პროექტების განხორციელება, ახალი სტანდარტების შემუშავება, რეფორმების მხარდაჭერა - ეს არის ძალიან დადებითი კონტრიბუცია ჩვენი საფინანსო სექტორისთვის. სებ-ი, რომელიც აწესებს სტანდარტებს მოწინავე ინდუსტრიაში თავადაც უნდა იყოს მოწინავე ცოდნის და გამოცდილების და რეფორმატორული გეგმების თვალსაზრისით. სწორედ ამ ნაწილში დაგვეხმარებიან ჩვენ ეს კონსულტანტები. გამოცდილი ადამიანები, საერთაშორისო რანგის, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონსულტანტები ვისაც აქამდეც აქვთ სებ-თან სხვადასხვა პროექტში მუშაობის გამოცდილება. მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, EBRD-ს გვეხმარება ამ კონსულტანტებთან ურთიერთობაში. მათი მთავარი მიმართულება იქნება საფინანსო ბაზრის შემდგომი რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მონეტარული პოლიტიკის მეტად დახვეწა, საერთაშორისო სანქციების მეტად დახვეწა და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ეროვნული ბანკის გუნდს მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტები შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩევლებად იმუშავებენ.
უცხოელი ექსპერტები - დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი დუგლას ლაქსტონი გასულ წლებში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში. ლაქსტონი მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის და ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით მუშაობს. წარსულში ლაქსოტონის აქტიური ჩართულობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS) შეიმუშავა.
დევიდ ვავრა მსოფლიო დონის ეკონომისტია, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში. დევიდ ვავრას ეროვნულ ბანკში მუშაობის გამოცდილება წარსულშიც აქვს. თავის დროზე ის მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწის პროექტზე მუშაობდა, რომელიც სსფ-ისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მარსიალ ნიკოლა სმეტი 27-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე UniCreditGroup-ში. 2022 წლიდან დღემდე სმეტი საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნულ ბანკს კონსულტაციებს გაუწევს სანქციების აღსრულებისა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა