ვფიქრობ, საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმა ფინანსური ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს.
მისი განმარტებით, დღეს TIBR ახლოსაა რეფინანსირების განაკვეთთან და ამიტომ TIBR-ზე გადასვლას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყვება.
„როგორც სებ-მა აღნიშნა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლა არ მოხდება, რადგან ეს განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან საკმაოდ ახლოსაა, თუ იგივე არაა. ვფიქრობ, სამომავლოდ ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თუ მაგალითად, ჩვენთან გაჩნდა უფრო მეტად ვადიანი ბანკთაშორისი განაკვეთები, ისე როგორც ეს საზღვარგარეთაა 6-თვიანი, 1-წლიანი, 2-წლიანი და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, განაკვეთის მერყეობა იქნება კლიენტისთვის ნაკლები და უფრო დაკავშირებული იქნება სხვა განაკვეთზე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. თუმცა ამის წინაპირობაა, რომ ეს ბაზარიც უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ დღეს TIBR-ის განაკვეთი ძალიან ახლოსაა რეფინანსირების განაკვეთთან და TIBR-ის გამოყენება სარეკომენდაციოა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს განაკვეთი და რეფინანსირების განაკვეთი ერთმანეთთან ახლოს არიან, ცვლილებები არ იქნება“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.
უახლესი
2 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა