დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ საზღვაო ტურებზეა მოთხოვნა აგვისტოში - Go Tour-ი

რომელ საზღვაო ტურებზეა მოთხოვნა აგვისტოში - Go Tour-ი

09-07-2023 09:00:03

„ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯოასთან“ ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური ამბობს, რომ საქართველოდან ტურისტები სექტემბერში ზღვაზე დასვენებას ირჩევენ, ოქტომბერში ევროპაში, ხოლო ნოემბრიდან უკვე იწყება მოთხოვნა ზამთრის ეგვიპტისა და ეგზოტიკური ქვეყნების ტურებზე.

მისი თქმით, შემოდგომის სეზონზე მოთხოვნა უკვე არის და საკმაოდ აქტიურად კეთდება ჯავშნები, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე ტურისტულ სეზონს, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ნომერ პირველი მიმართულება ისევ თურქეთია, სადაც გასულ თვეში ანტალიის ტურებზე დიდი ფასდაკლებები დაფიქსირდა. 

„ივნისში ანტალიის ტურები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ერთ კვირიანი პაკეტების შეძენა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევით 1000 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი. უფრო ბიუჯეტიან 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროებში 1 კვირიანი ტური 600-700 ლარი ღირდა. რაშიც შედიოდა პირდაპირი ორმხრივი ავიაბილეთები, ბარგი, ტრანსფერები, სასტუმრო და კვება.

ტენდენცია ივლისში მეტნაკლებად გაგრძელდა. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, უცებ გამოცხადდეს ფასდაკლების აქცია, თუმცა ის ფასებში უკვე აღარ რაც ივნისში“, - აცხადებს ნინო წიკლაური.

Go Tour-ის დამფუძნებელი ვერ აკონკრეტებს, ტურზე ფასის შემცირება რომელი კომპონენტის გაიაფებამ გამოიწვია, თუმცა საკუთარი ლოგიკის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ივნისში ავიაბილეთებზე იყო შედარებით დაბალი ფასები. 
რაც თავის მხრივ ლოგიკურიცაა, რადგანაც სწორედ ანტალიიდან დაიწყო თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება SunExpress-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტალიას და თბილისს შორის საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა, რამაც ბაზაზე კონკურენცია გაზარდა.

„პაკეტურ ტურის შემთხვევაში ჩვენს სისტემაში არ ჩანს რა რა ღირს, ანუ გაყოფილი არ არის რა რისი ფასია. რომელი კომპონენტი გაიაფდა ამას ვერ ვხედავთ. თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და დავფიქრდებით, ავიაბილეთები იყო გაიაფებული, რადგანაც ყველა სასტუმრო ერთიანად ხომ არ მოილაპარაკებდა და დაწევდა ფასებს?“, - მიიჩნევს წიკლაური. 

რაც შეეხება აგვისტოს, ნინო წიკლაურის განმარტებით, აგვისტოში უფრო მაღალი ფასებია.

„ივლისში თუ კიდევ არის მოლოდინი, რომ  ფასები დაკორექტირდება, აგვისტოოში ეს ნაკლებად მოსალოდნელია. 

მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია თურქეთის ტურებზე. დიდია მოთხოვნაა ასევე ეგვიპტეზე, რადგანაც თურქეთთან შედარებით პაკეტური, შეკრული ტურები ეგვიპტეში გაცილებით იაფია. თუ თურქეთში აგვისტოში 2- კაციანი პაკეტი 5000 ლარი ღირს, ეგვიპტეში - 3500 ლარია. დაბალი ფასის გამოდასვენების მსურველები უკვე  ეგვიპტეს ირჩევენ. ასევე დიდი მოთხოვნაა ევროპის საზღვაო ტურებზე, როგორიცაა მალტა, კოსტა ბრავა, დუბროვნიკი, აია ნაპა“, - ამბობს წიკლაური.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები