დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი მოთხოვნაა „ცივის ყველის“ პროდუქციაზე და სად გადის ექსპორტზე

როგორი მოთხოვნაა „ცივის ყველის“ პროდუქციაზე და სად გადის ექსპორტზე

18-03-2025 16:00:00

კომპანია ცივის ყველი -Tsivis Kveli, რომელიც 17 წელია ყველს აწარმოებს, პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც ყიდის. როგორც Business Insider Georgia-სთან „ცივის ყველის“ წარმომადგენელმა ნიკა ღაღაშვილმა განაცხადა, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები ყოველწლიურად 20%-მდე ზრდას აჩვენებს. 

„ჩვენ ყველას უკვე 17 წელია რაც ვაწარმოებთ. 2008 წლიდან. დღეისათვის ძალიან ბევრ ობიექტში შეგვაქვს ჩვენი პროდუქცია. „კარფურში“ წარმოდგენილები ვართ თითქმის ყველა სახეობით, რასაც ვაწარმოებთ. გაქვს 7 სახეობის ყველი და თითოზე დაახლოებით 10 ნაირსახეობის ყველი. 

კივიდ-პანდემიის პერიოდში „ცივის ყველის“ გაყიდვები დაეცა, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ გაყიდვები ყოველწლიურად 15-დან 20%-მდე ზრდას აჩვენებს“, - ამბობს ნიკა ღაღაშვილი.

„ცივის ყველის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული და ამიტომ ნედლეულს, ანუ რძეს საშუალო და დიდი ზომის ფერმებიდან იბარებს. 

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საშუალო და დიდი ზომის ფერმებთან. საუბარი მაქვს ისეთ ფერმებზე, რომელთაც ევროსტანდარტები აქვთ დანერგილი და საკვების უსაფრთხოების ყველანაირ ნორმებს იცავენ. მოსახლეობიდან რძეს არ ვიბარებთ. ეს მიმართულება ნაკლებად რეგულირებადია. ჩვენ კი გვინდა, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო ნედლეული გადავამუშაოთ და უსაფრთხო პროდუქცია ვაწარმოოთ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

დღეისათვის საწარმო თვეში 3-დან 3,5 ტონამდე ყველას აწარმოებს, თუმცა პოტენციალი დაახლოებით 10 ტონა ყველია. „ცივის ყველი“ ექსპორტზე აშშ-ში გადის, სადაც საკუთარი სანდო პარტნიორი ჰყავს. 

„ექსპორტზე გავდივართ და ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს აშშ-ში, სადაც გვაქვს ჩვენი აგენტი, რომელსაც ჩვენიდან ყველი საკმაოდ სტაბილურად გაქვს. ექსპორტზე უმეტესად გადის სულგუნი, შებოლილი სულგუნი, დაწნული სულგუნი, ყველის ჩხირები. დღეისათვის ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 15-20% გადის აშშ-ში, თუმცა პოტენციალი არის, რომ ექსპორტი 30%-მდე ავიდეს“. - ამბობს ნიკა ღაღაშვილი.

„ცივის ყველი“ ამ ეტაპისთვის გაფართოებას არ გეგმავს, რადგანაც არსებული სიმძლავრეებით მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„ცივის ყველი“ საწარმოო პროცესის გასაცნობად ვიზიტორებსაც იღებს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან და უცხოელ სტუმრებს აქტიურად იღებს. 

რაც შეეხება სექტორის მთავარ გამოწვევას, ნიკა ღაღაშვილი რძის ფასს და ადგილობრივ პროდუქციაზე შედარებით დაბალ მოთხოვნას ასახელებს. 

„საქართველოს ბაზარზე ზრდა შედარებით ნაკლებია. წარმოების ხარჯებიდან გამომდინარე იმატებს რძის ფასი. ასევე იმპორტირებულ ყველაზე უფრო იზრდება მოთხოვნა, ვიდრე ადგილობრივზე. ამის მიზეზი კი ალბათ არის ფასი, ვინაიდან იქ დიდი ფაბრიკაში ყველი უკვე ინდუსტრიულად იწარმოება და შედარებით იაფი უჯდებათ და შესაძლოა საქართველოში შემოტანილი 1 კგ ყველის ფასი 15 ლარი იყოს. რაც საქართველოში თუ ყველს ნედლ რძეზე ამზადებ წარმოუდგენელია ამ ფასად გაყიდო“, - ამბობს ნიკა ღაღაშვილი.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები