ევროკავშირი აშშ-ის მეტალების ახალ ტარიფებზე საპასუხოდ ზომებს იღებს და €26 მლრდ ($28.3 მლრდ) ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს აწესებს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას მოჰყვა, რაც სავაჭრო დაძაბულობას ზრდის. ევროკომისია წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს იწყებს, რათა ტარიფები აპრილის შუა რიცხვებში ამოქმედდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება "მკაცრ, მაგრამ პროპორციულ" პასუხად შეაფასა, თუმცა თქვა ისიც, რომ ვაჭრობაზე დამატებითი ბარიერები ორივე ეკონომიკას დააზარალებს.
ახალი საბაჟო გადასახადები მნიშვნელოვნად აჭარბებს ტარიფებს, რომლებიც ტრამპის პირველ ვადაში დაწესდა, როდესაც აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების არგუმენტით, ევროკავშირის ფოლადისა და ალუმინის $7 მლრდ-იანი ექსპორტი გაანეიტრალა. საპასუხოდ, ევროკავშირის გეგმური ტარიფები შეეხება არა მხოლოდ მეტალს, არამედ ტექსტილს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელი სავაჭრო კონფლიქტებით უკვე დაზარალებული პროდუქტები—ბურბონი, მოტოციკლები და იახტები—ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს დაექვემდებარება.
ტრამპმა ასევე დააანონსა ევროპის სავაჭრო პოლიტიკის საპასუხო ტარიფები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის (VAT) სისტემასთან დაკავშირებით. ინდუსტრიულ ტარიფებზე დათმობების, ამერიკული LNG-სა და თავდაცვითი პროდუქციის იმპორტის გაზრდის სანაცვლოდ - ევროპის კომისია აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკომისარმა მაროშ შევჩოვიჩმა აღნიშნა, რომ თუ აშშ მოლაპარაკებებს წამოიწყებს, სავაჭრო დარტყმების თავიდან აცილება შესაძლებელია. ევროკავშირის ფოლადის ბაზარი ორი გამოწვევის წინაშე დგას: აშშ-ში ექსპორტის შემცირება და გადამისამართებული იმპორტის სავარაუდო ზრდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპული ბაზარი, რომელიც უკვე სავსეა იაფი ფოლადით აზიიდან, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთიდან, შესაძლოა კიდევ უფრო პრობლემური გახდეს. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც აშშ-ში შესვლისგან სამი ტონა ფოლადი დაბლოკილია, ორი ტონა EU-ში გადამისამართდება. ალუმინის მწარმოებლები უფრო დიდ კონკურენციას ელოდებიან, განსაკუთრებით კანადისგან, რომელიც აშშ-ს ალუმინის იმპორტის ნახევარზე მეტს აწვდის.
უახლესი
2 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი9 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია