დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძველი ხევსურული ნაქარგობის გამოყენებით შექმნილი ბრენდი „ნაჭრელა“ გაფართოებას გეგმავს

ძველი ხევსურული ნაქარგობის გამოყენებით შექმნილი ბრენდი „ნაჭრელა“ გაფართოებას გეგმავს

18-03-2025 17:00:00

ძველი ხევსურული ნაქარგობის გამოყენებით შექმნილი  ბრენდი „ნაჭრელა“ მომხმარებელს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს. „ნაჭრელას“ დამფუძნებელი მანანა მჭედლიშვილი Business Insider Georgia-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი სურვილი  ისეთი ნივთების შექმნაა, რომელიც  ყველასგან განსხვავებული იქნება.   
„ძველი ხევსურული ნაქარგობის გამოყენებით ვამზადებ სხვადასხვა ისეთ აქსესუარს, რომელიც შეიძლება თანამედროვეობაში იყოს გამოყენებული. ეს უწყვეტი პროცესია და  მუდმივად გრძელდება. სულ რაღაც ახალი ნივთი და ნაკეთობა მინდა გავაკეთო, რომელიც მანამდე არც მე გამიკეთებია და არც სხვასთან მინახავს. რამდენიმე ასეთი ტიპის ახალი ნაკეთობა გავაკეთე და სხვათა შორის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. დამზადებისას გამოვიყენე არამხოლოდ, ძველი ხევსურული ნაქარგობა, არამედ  ჩვენს ოჯახში შემორჩენილი ძველი ხევსურული ნაკეთობები, რომელიც  არის ვერცხლის და დეტალებად არის დაშლილი სიძველის გამო. მე კი ეს ძველი, ძვირფასი ლითონის დეტალები  შევიტანე ამ ნაკეთობებში. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, ეს არ არის სერიული წარმოება. ხელნაკეთი ნივთი ისეთია რომ ფართო მასისთვის ვერ იქნება ალბათ ხელმისაწვდომი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია, როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელების მხრიდან.
„ადგილობრივების მხრიდან საკმაოდ დიდია დაინტერესება და მოთხოვნა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამკავშირებიან კონკრეტული ნივთის თაობაზე და დროის სიმცირის გამო უარი მითქვამს, თუმცა ეს მათთვის პრობლემა არ ყოფილა და საპასუხოდ უთქვამთ რომ დამელოდებოდნენ იმდენი ხანი რამდენიც საჭირო იქნებოდა. რაც შეეხება უცხოელ მომხმარებლებს გამოფენებისა და ფესტივალების დროს ყოფილა შემთხვევები, როდესაც არამხოლოდ სხვა ეროვნების ადამიანებს, არამედ განსხვავებული რელიგიისა და მრწამსის ადამიანებს შეუძენიათ ჩემი ნაკეთობა იმის მიუხედავად, რომ ხევსურული ორნამენტის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო არის ჯვარი. მაგალითად, ირანელმა გოგონამ შეიძინა საყურეები, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მანანა მჭედლიშვილი.
სამომავლოდ, იგეგმება გაფართოება და შესაბამისი დანადგარის შეძენა, რომელიც დროის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს კომპანიის დამფუძნებელს და პროდუქციის ფასსაც შეამცირებს.
"ჩემს მიერ შექმნილ ნაკეთობებზე მოთხოვნა მზარდია. ხელით მუშაობა წარმოუდგენლად დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, რომ წარმოება დროში ზედმეტად გაწელილი არ იყოს არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლითაც შესაძლებელია ნივთების დამზადება. რა თქმა უნდა ხარისხი შედარებით განსხვავებული იქნება, მაგრამ დამზადების დროს შეამცირებს, რაც შესაბამისად შეამცირებს ფასსაც. ეს ყოველივე თავის მხრივ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერ-ჯერობით ჩემთვის ხელმიუწვდომელია, თუმცა თუ შეთავაზება ან საგრანტო პროგრამა გამოცხადდება აუცილებლად ვეცდები მონაწილეობის მიღებას თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემა “, - განმარტავს მანანა მჭედლიშვილი.

 მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ბრენდის ვებ-გვერდის გამოყენებითაც შეუძლიათ, რომელსაც აქვს ონლაინ გადახდის შესაძლებლობაც.

„სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებული პროექტის ფარგლებში დამიმზადეს ძალიან კარგი ვებ-გვერდი, რომელიც სწორედ ბიზნეს საქმიანობაზეა გათვლილი, ჩაშენებული აქვს ონლაინ გადახდის შესაძლებლობა და სხვა საჭირო ფუნქციები. ვაპირებ, ეს ვებ-გვერდი ახლო მომავალში აქტიურად ავამუშაო, რომელიც ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სატესტო რეჟიმში მაქვს, თუმცა, ღია და ხელმისაწვდომია “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მანანა მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, მანანა მჭედლიშვილი ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელას მეთოდით ამზადებს, როგორც თმის აქსესუარებს, ასევე ყელსაბამებს, ჩანთებს, საყურეებს, საკანცელარიო ნივთებს, გულისპირებს, ქამრებს, სამაჯურებსა და სამოსს.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები