გიზიარებთ ბლოგს: მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში Microsoft-ს პირველი ადგილი უჭირავს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის სახელმწიფოების უმრავლესობის ეკონომიკის მოცულობას აჭარბებს.
1975 წელს დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გიგანტს სათავე ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა დაუდეს, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული ოპერაციული სისტემა შექმნეს. გეტისს და ალენს სჯეროდათ, რომ კომპიუტერი ყველასათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია უნდა გამხდარიყო, ამისათვის კი მისი გამოყენება უნდა გამარტივებულიყო და ტექნიკური ბარიერები გამქრალიყო. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა მეცნიერებმა 1981 წელს კომპანია IBM-ისთვის MS-DOS-ის ტიპის სისტემა შექმნეს, რომელიც შემდგომ Microsoft-ის მთავარი პროდუქტის, Windows-ის ფუნდამენტად იქცა.
1985 წელს Microsoft-მა პირველი თაობის Windows-ის ოპერაციული სისტემა გამოუშვა, რომელმაც კომპიუტერული ინდუსტრია თავდაყირა დააყენა, რადგან მისი გამოყენება სხვა არსებულ ალტერნატივებთან შედარებით გაცილებით უფრო მარტივი იყო, ამას კი Windows-ის გრაფიკული დიზაინი და ვირტუალური „ფანჯრები“ განაპირობებდა, რაც თავად სისტემის სახელწოდებავე იყო.
Windows-ზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 1985 წლიდან მოყოლებული მუდმივ ევოლუციას განიცდის და ყოველი მომდევნო თაობა წინაზე უფრო მარტივი, სასარგებლო და დახვეწილია, რაც ამ სისტემაზე არსებული მოთხოვნითაც დასტურდება – პლანეტაზე არსებული პერსონალური კომპიუტერების 72% სწორედ Windows-ითაა აღჭურვილი.
მართალია, Windows-მა Microsoft-ს საერთაშორისო აღიარება და უდიდესი ფინანსური წარმატება მოუტანა, თუმცა ის შედეგი, რომელიც ამჟამად კომპანიას აქვს, მხოლოდ Windows-ის დამსახურება ნამდვილად არ არის. Microsoft-ის პორტფელში რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი Office 365-ია, რაც საოფისე პროგრამების და ხელსაწყოების ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც შემდეგ სერვისებს აერთიანებს: Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneNote, OneDrive, Publisher, Forms, Teams და Defender. ცალკე გამოტანის შემთხვევაში, ყოველი ზემოხსენებული პროდუქტი საკმარისი იქნებოდა ახალი კომპანიის დასაფუძნებლად, თუმცა Microsoft-ის შემთხვევაში, ეს ყველაფერი ერთი პაკეტის ნაწილია, რომლის გარეშე პროფესიული ცხოვრება დღეს რთულად წარმოსადგენია.
უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-ს ლომის წილი მიუძღვის ინტერნეტის განვითარებაში. Internet Explorer-ი ბაზარზე არსებული ერთ-ერთი პირველი გრაფიკული ბრაუზერი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ინტერნეტ ეკოსისტემის განვითარებას. მართალია, Explorer-ის განვითარება შეწყდა და ის Microsoft Edge-მა ჩაანაცვლა, თუმცა მისი წვლილის არაღიარება დანაშაულია. ინტერნეტში Microsoft-ის გავლენა მხოლოდ ბრაუზერით როდი შემოიფარგლება, გარდა ამისა, ის პროფესიულ სოციალურ ქსელს, LinkedIn-ს ფლობს, რომელსაც თითქმის 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
მორიგი სერვისი, რომელმაც Microsoft-ს სწრაფად განვითარების საშუალება მისცა, მისი ღრუბლოვანი პლატფორმა Azure Cloud-ია, რომლის დებიუტი 2010 წელს შედგა და მას შემდეგ ის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პლატფორმად იქცა. მხოლოდ გასულ წელს Microsoft Azure-მა $34 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც ვხედავთ, Microsoft-ის პორტფელის უდიდესი ნაწილი პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ციფრულ სერვისებზე მოდის, თუმცა კომპანია ფიზიკურ პროდუქტებსაც აწარმოებს, მათ შორის, Microsoft Surface-ის სერიის კომპიუტერებს, ლეპტოპებს, პლანშეტებს და აქსესუარებს.
მოწყობილობების მიმართულებით Microsoft-ის კატალოგში კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტს, სათამაშო კონსოლ Xbox-ს ვხედავთ, რომლის გაყიდვების საერთო მაჩვენებელი 200 მილიონ ერთეულს აღწევს.
Xbox-თან ერთად, ვიდეოთამაშების მიმართულებით Microsoft-ის მფლობელობაში არაერთი დეველოპერულ სტუდიას ვხედავთ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი Activision Blizzard-ია, რომელიც Microsoft-მა $69 მილიარდად შეისყიდა. ამ გარიგების შედეგად, Microsoft-ის საკუთრებაში ისეთი პოპულარული თამაშები გადავიდა, როგორიცაა: Call of Duty, World of Warcraft, Diablo, Overwatch, StarCraft და Candy Crush. ამჟამინდელი მდგომარეობით, გეიმინგ ინდუსტრიაში Microsoft-ს ბაზრის უდიდესი წილი უჭირავს, როგორც უშუალოდ თამაშების, ასევე ტექნიკური პლატფორმების მიმართულებით, რადგან, როგორც წესი, გეიმერები სათამაშოდ სწორედ Windows-მოწყობილობებს და Xbox-ს ირჩევენ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურ სექტორში Microsoft-ს ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელი აქვს, რაც კომპანიას სტაბილური შემოსავლის მიღების და ზრდის საშუალებას აძლევს. მაგალითად, გასულ 2023 წელს Microsoft-მა $212 მილიარდის შემოსავალი და $72 მილიარდის მოგება მიიღო, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მართალია, ამ შედეგის წყალობით, კომპანიამ უკვე მოახერხა გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება, თუმცა ეს Microsoft-ის შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის. კომპანია ამჟამად მორიგი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშეა, რომელსაც მისი შვილობილი სტარტაპი OpenAI უძღვება. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე დახვეწილი და მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტი ChatGPT სწორედ Microsoft-ის მფლობელობაშია, ეს კი ის კოლოსალური უპირატესობაა, რომელიც Microsoft-ს სხვა ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მიმართებით აქვს.
Microsoft-ის სერვისებში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენების პროცესი უკვე დაწყებულია, ახალი თაობის Windows-ში AI-ასისტენტს, Copilot-ს ვხედავთ, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს კომპიუტერის გამოყენების პროცესს. გარდა ამისა, ახლა უკვე AI ჩაშენებულია Office 365-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია PowerPoint-ში პრეზენტაციის მომზადებაში ან Excel-ში მონაცემების დამუშავებაში დაგვეხმაროს. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი Microsoft-ის სერვისების ეფექტიანობას და კომპანიის შემოსავლებს ზრდის, რასაც უკვე რიცხვებშიც მკაფიოდ ვხედავთ.
ბილ გეიტსმა და სტივ ბალმერმა Microsoft-ი კომპიუტერული ინდუსტრიის ჭეშმარიტ ტიტანად აქციეს, თუმცა ამჯერად სატია ნადელას და სემ ოლტმენის ეპოქაში ვართ, რომლებიც მიზნად ისახავენ, რომ AI-ს დახმარებით კომპანია ტექნოლოგიური სექტორის უპირობო ლიდერად აქციონ.
ფაქტია, რომ ინვესტორები მათ ხედვას იზიარებენ და Microsoft-ზე დიდ იმედებს ამყარებენ. მაგალითად, Morgan Stanley-ის ანალიტიკური დეპარტამენტის პროგნოზით, სავარაუდოდ, Microsoft-ი იქნება ისტორიაში პირველი კომპანია, რომლის საბაზრო შეფასება $10 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ანუ ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით მისი კაპიტალიზაცია გასამმაგდება. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Microsoft-მა უკვე მოახერხა არაერთი რეკორდის დამყარება და მისი აქციონერებისთვის უდიდესი ფინანსური სარგებლის მოტანა. მაგალითად, Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონების შეფასება $157 მილიარდს აღწევს, ხოლო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, სტივ ბალმერის ქონება $155 მილიარდის ფარგლებშია.
ცხადია, Microsoft-ის წარმატებით სარგებელს მხოლოდ გეიტსი და ბალმერი არ იღებენ, კომპანიის შედეგებით ფინანსური სარგებლის მიღება მარტივადაა შესაძლებელი, ამისათვის თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო მოდულში Microsoft-ის აქციები უნდა შეიძინო და პლანეტის უმსხვილესი კომპანიის აქციონერი გახდე, თანაც ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ამიტომ არ გადადო, დააბანდე!
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი