დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იქცა Qartulia NYC ამერიკელების საყვარელ ადგილად

როგორ იქცა Qartulia NYC ამერიკელების საყვარელ ადგილად

06-02-2024 15:00:00

ნიუ იორკის ცენტრში მდებარე ქართული სივრცე Qartulia NYC, არამხოლოდ ქართველების, არამედ ადგილობრივების საყვარელი ადგილიც გახდა.

Qartulia NYC უკვე 1,5 წელია რაც გაიხსნა ნიუ-იორკში, სადაც ქართულ წიგნები, სუვენირები და სხვადასხვა აქსესუარები იყიდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან Qartulia NYC-ს მფლობელმა ნინო დავლიანიძემ განაცხადა, აშშ-ში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ნინო დავლიანიძე საბანკო სისტემაში მუშაობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა და უკვე 4 წელზე მეტია რაც ამერიკაში ცხოვრობს.

„ხშირად ვამბობ, რომ ეს ყველაფერი „ერთი ჩემოდნით დაწყებული“ ბიზნესია. Qartulia NYC-ს იდეა ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია ჩვენ თავდაპირველ საქმიანობის წამოწყებასთან ამერიკაში.

ეს გახლავთ ქართული სამზარეულო ბრუკლინში Little Georgia. სწორედ აქ დაიწყო ეს ყველაფერი. სახელიდან გამომდინარე აქ შემოსული ჩვენი მომხმარებლისთვის გვინდოდა ნამდვილი ქართული გარემო შეგვექმნა და ტრადიციულ კერძებთან ერთად მცირე რაოდენობით სუვენირი, თიხა, ყანწი და წიგნიც გვქონდა წარმოდგენილი. ხოლო შემდეგ ისეთი დაინტერესება წამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეტანა და ქართველებისთვის და არა მხოლოდ ქართველებისთვის ეროვნული ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

გეტყვით, რომ ჩვენი წამოწყება კოვიდ-პანდემიას დაემთხვა და მიუხედავად ამისა ქართულ ნივთებზე მაღალი მოთხოვნა იყო და სულ გვეუბნებოდნენ ამა თუ ის ნივთზე იქნებ ჩამოგვიტანოთო. დიდი მოთხოვნა იყო ქართულ სუვენირებზე, ყანწებზე, წიგნებზე, ასევე ავთანდილის სამოსზე.

ძალიან ხშირად შემოდიან ამერიკელები თუ აშშ-ში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აღტაცებით ამბობენ, რომ ეს მაღაზია არ არის, ეს არის მუზეუმიო. ჩვენ ვცდილობთ აქ მცხოვრებთ ქართული კულტურა გავაცნოთ და გავუწიოთ პოპულარიზაცია. როდესაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შემოდიან, ძალიან აინტერესებს ჩვენი სუვენირები და ხშირად უთქვამთ, რომ სურთ ანალოგიური მაღაზია თავისი ქვეყნის თემატიკით ნიუ იორკშიც იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ნინო დავლიანიძე.

ნინო დავლიანიძის განმარტებით, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და წარმატებული ბიზნესის აწყობა რთულია, თუმცა შრომისა და მონდომების წყალობით აშშ-ში ყველაფერი მიღწევადია და დღეს მაღაზიაში არსებული ყველა ნივთი ადგილზე პირდაპირ საქართველოდან ჩადის.

უფრო მეტიც Qartulia NYC-ში ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ინტენსიური მუშაობა მიდის.

Qartulia NYC უკავშირდება მწარმოებლებს და იწყებს მათთან თანამშრომლობას, ასევე თავად მეწარმეებიც უკავშირდებიან Qartulia NYC-ს.

„ხშირად არის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვუკავშირდებით და ისე ჩამოგვაქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრები. მაგალითად ბებო გვიქსოვს წინდებს, თექა მზადდება რაჭაში. ჩვენ ვუკავშირდებით საინტერესო მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ამერიკაში წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია. და რაც მთავარია, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე და ამ მიმართულებას დიდი ყურადღებას ვუთმობთ. გვაქვს წიგნების საკმაოდ კარგი არჩევანი.

ხშირად ყოფილა, რომ სხვა შტატებიდან დაგვკავშირებიან თავად ამერიკელები და უთხოვიათ გაგვეგზავნა ქართული ჩურჩხელა, თოვლის ბაბუა, ჩიჩილაკი. თავიდან, როდესაც ჩიჩილაკი შეგვიკვეთეს ცოტა გამიკვირდა, ვერ მივხვდი ამერიკელს რატომ აინტერესებდა ჩიჩილაკი. მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ჰყოლიათ ქართველი სტუმარი და სურდათ, რომ მისთვის ახალ წელს ჩიჩილაკი დაეხვედრებინათ. წელსაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო ჩიჩილაკებზე და საკმაოდ ბევრ შტატში გავგზავნეთ“, - აღნიშნა Qartulia NYC-ს დამფუძნებელმა.

Qartulia NYC 1,5 წელია რაც გაიხსნა და გახსნის დღიდან მომხმარებლების რაოდენობა 50%-იან ზრდას აჩვენებს.

„ყოველი მომხმარებელი გვახარებს. აქტიურად ვიღებთ ჩვენი მომხმარებლებიდან შეკვეთებს. ხშირად არის, როდესაც ადამიანი 17-20 წელი საქართველოში არ არის ნამყოფი და მისთვის ძალიან ხელშემწყობია, რომ აქ შემოვიდეს და შეიძინოს სასურველი ნივთები საქართველოდან. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული ნივთი ადგილზე არ გვაქვს და გვიკავეთავენ და ჩვენ შემდგომ ვუზუნველყოფთ მიწოდებას.

თავიდან პროდუქციის ტრანსპორტირება გაგვიჭირდა და ამიტომ საკმაოდ მცირედით დავიწყეთ“, - აცხადებს Qartulia NYC-ს მფლობელი.

Qartulia NYC-ში ქართული სუვენირების პარალელურად წარმოდგენილია ქართული სამოსიც ან ქართველი დიზაინერებისგან შექმნილი ტანსაცმელი.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ დიზაინერებთან. თუმცა ავთანდილი იყო პირველი, რომელიც თავიდანვე აქტიურად დაგვიდგა გვერდით. ავთანდილი, როგორც წესი სხვა შოუ რუმებში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ ავთანდილ ცქვიტინიძის მხრიდან საკმაოდ კარგი ხელშეწყობა გაქვს. ამ ეტაპზე გაქვს ასევე მეგი გაბუნია ნამუშევრები, რომელიც ადგილზე საკმაოდ ხშირად გვსტუმრობს. მოთხოვნადია ქართული ფაფანაკი. გვყავს, როგორც ცნობილი ისე ნაკლებად ცნობილი დიზაინერები. Qartulia NYC-ს მეშვეობით ხელმისაწვდომია ასევე სალომე ამანათიშვილის salledemode, ჩაცმა, ანანოს ჰენდმეიდ, არტ ლიკა, მარსოტა, ციკოლია. ეს გახლავთ ჩამონათვალი რომელთანაც თანამშრომლობს ამ ეტაპზე Qartulia NYC“, - აღნიშნა ნინო დავლიანიძემ.

როგორც ნინო დავლიანიძე ამბობს ბიზნესს პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან თეკო, იაკო და ნათია ცინცაძეებთან ერთად უძღვება. იაკო და ნათია ადგილზე, საქართველოში ეძებენ საინტერესო ნივთებს თუ პროდუქციას და აგზავნიან ამერიკაში.

Qartulia NYC-ში აქტიურადაა წარმოდგენილი ასევე ქართული ჩაი, ქართული ნუგბარი, ქართული შოკოლადი - შოუ რუმში არის როგორც ხელნაკეთი შოკოლადები, ასევე „ბარამბოს“ შოკოლადები.

ნინო დავლიანიძე აცხადებს, რომ უცხოელების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო და სუვენირებია.

„უცხოელებს აინტერესებთ და ყველაზე ხშირად ყიდულობენ ქართულ ღვინოს და ქართულ სუვენირებს. ქართულ სუვენირები იმდენად მოთხოვნადია, რომ უკვე ერთგული მომხმარებლებიც კი გვყავს. არის ერთი მომხმარებელი, რომელიც სუვენირებს თითქმის ყოველდღე ყიდულობს, რომ ვეკითხები, რად გინდა ამდენი ქართული სუვენირი, ირკვევა, რომ იწყობს ქართულ კუთხეს. ნებისმიერ სიახლეს, რასაც ჩამოვიტანთ მოსწონს და ყიდულობს.

Qartulia NYC ნიიუ იორკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და შესაბამისად ქირაც მაღალია., თუმცა როგორც მაღაზიის მფლობელი ამბობს, არსებული გაყიდვები ქირასაც აბალანსებს და ხელფასებიც გასტუმრებაც თავისუფლად ხდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოდან ნივთის მოწოდება, ტრანსპორტირება ძალიან გვიძვირებს პროდუქციას, მაინც ვცდილობთ ძალიან დაბალანსებული და ლოიალური ფასები გვქონდეს. მაღაზიაში ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს საჩუქარი დაწყებული 5 დოლარიდან. ჩვენთან წიგნის ფასი მერყეობს 7-8 დოლარიდან 50-60 დოლარამდე“, - ამბობს დავლიანიძე.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები