ზოგადად, ხშირია შემთხვევები, როცა მასშტაბური პროექტების განხორციელებას გაუთვალისწინებელი შემთხვევები აფრეხებს. ასე მოხდა მაგისტრალის 149 კილომეტრზე, როდესაც გზიდან 200 მეტრში ზევით პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა.
ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განუცხადა.
გიორგი წერეთელის განცხადებით, ეს არ ყოფილა მეწყერი, არამედ აღნიშნულ ფერდზე პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა და ნაპრალები გარკვეულ დინამიკაში პროგრესს განიცდიდა.
„ამიტომ ჩვენ მივიღეთ მაშინ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ გადაადგილება, დავაწესეთ მონიტორინგი, გავზარდეთ ბუფერი, დავიწყეთ შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებები, 149 კმ-ისთვის შესაბამისი კვლევის შემდეგ მომზადდა პროექტი, ის უკვე ჩვენთან არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, შედეგად ფერდის სტაბილიზაცია დასრულდება“, - აცხადებს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი შეიცვალა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ამ შემთხვევაში ძალაში რჩება სპეციალური რეჟიმი, თუმცა იზრდება 4 საათით.
გიორგი წერეთელი ვარაუდობს, რომ ნოემბრის მეორე ნახევრიდან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვისაც 24 საათიანი გადაადგილების უფლება აღდგება.
რადგან ზამთარი ახლოვდება, აქტუალური კითხვა გაგრძელდება თუ არა ინტენსიური სამუშაოები ზამთრის სეზონზე. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ბოლო სამი წელია, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, პანდემიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენებისა ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა.
„ზამთარი ბუნებრივია პერიოდულად გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ მონაკვეთზე(ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაობი არსებულ გზასთან ახლოს მიმდინარეობს. ტრანსპორტის გადაადგილება ფაქტობრივად სამშენებლო სამუშაოების არეალში ხდება, მიუხედავად ამ გამოწვევისა, სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამბობს წერეთელი.
რიკოთის პროექტი, მასშტაბითა და მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა, 52 კმ-იანი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობას. ამ დროისთვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.
იგივე თემაზე:
უახლესი