Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი 8%-ზე დარჩა.
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა 8%-ის ფარგლები, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან.
საქართველოში ინფლაციური გარემო დაბალია. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, კიდევ შენელდა ინფლაცია. რაც ჩვენი შეფასებით, დიდწილად სტაბილური ლარის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ასევე შენელდა როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ინფლაცია. უფრო მეტიც, ყველაზე მეტად რყევადი სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების გამორიცხვით, ინფლაცია აგვისტოში 1%-ზე დაბალი იყო“,- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მისი თქმით, ასეთი დაბალი ინფლაცია, ერთი შეხედვით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორებიც რასაც სებ-იც ასახელებს.
„გაურკვეველია ვითარება გეოპოლიტიკურად, რომლის არასასურველი სცენარის განვითარებამ შესაძლოა, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო და ნავთობპროდუქტების ფასების გაზრდა გამოიწვიოს, რაც შემდეგ ჩვენთანაც გადმოეცემა იმპორტირებული ინფლაციის სახით. ამასთან, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა პოტენციურ დონეს საკმაოდ აღემატება და ორნიშნაა ხელფასების ზრდის ტემპი. ამ ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით სჯობდა სიფრთხილე, რასაც სებ-იც იჩენს და ამ მიზეზების გამო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დარჩა უცვლელი“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
რაც შეეხება პროგნოზებს, Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება.
„ეს დონე მნიშვნელოვანია, რომ ლარში მდგრადი ინვესტირება გაგრძელდეს, რაც საბოლოოდ ინფლაციისთვისა და ლარის კურსისთვის იქნება პოზიტიური“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
უახლესი