რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მაგისტრალის ახალი მონაკვეთი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განუცხადა. როგორც წერეთელი ამბობს, პროექტი წინასწარ დაგეგმილ გრაფიკში რჩება, ეს კი ნიშნავს რომ 2023 წლის ბოლომდე ამ გზის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობა დასრულდება, ხოლო მთლიანობაში რიკოთის უღელტეხილზე (52 კმ) სამშენებელო სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება.
რიკოთის პროექტი, მასშტაბითა და მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა, 52 კმ-იანი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობას. ამ დროისთვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.
„ჩვენი პრიორიტეტი საერთაშორისო მაგისტრალების განვითარებაა. აღმოსავლეთ-დასვლეთის მაგისტრალური გზის (430 კმ) ნახევარზე მეტი - 234 კმ - უკვე აშენებულია. რიკოთი ამ გზის მთავარი არტერიაა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, რელიეფიდან, სირთულეებიდან გამომდინარე. ამიტომაც არის, რომ რიკოთის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტს ვუწოდებთ. ქვეყანაში მაგისტრალების განვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად და კონკურენციაში შევიდეს სხვადასხვა კორიდორებთან. პროექტის დასრულების შემდეგად გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო“, - აცხადებს გიორგი წერეთელი.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე, ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით მიმდინარეობს. სახელმწიფო ამბობს, რომ რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთი ერთმანეთს დაუკავშირდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ Business Insider Georgia-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რიკოთის მაგისტრალის პროექტირება და ამ მომსახურების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით. სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს იყო ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, კომპანიის და კომპანიის მიერ ამ პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრებისა და ექსპერტების როგორც ტექნიკურ შეფასებას, ისე მათ გამოცდილებას მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას, წინ უძღვოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.ეს კი ის დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ 2014-2015 წლებში მომზადდა.რაც შეეხება დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპს . 52 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აეროფოტოგადაღებები, სკანირება და 3D მოდელის შედგენა. პროექტირებისას, შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.
ზოგადად, ხშირია შემთხვევები, როცა მასშტაბური პროექტების განხორციელებას გაუთვალისწინებელი შემთხვევები აფრეხებს. ასე მოხდა მაგისტრალის 149 კილომეტრზე, როდესაც გზიდან 200 მეტრში ზევით პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა. გიორგი წერეთელი გვისხნის, რომ ეს არ ყოფილა მეწყერი, არამედ აღნიშნულ ფერდზე პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა და ნაპრალები გარკვეულ დინამიკაში პროგრესს განიცდიდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი შეიცვალა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ამ შემთხვევაში ძალაში რჩება სპეციალური რეჟიმი, თუმცა იზრდება 4 საათით. გიორგი წერეთელი ვარაუდობს, რომ ნოემბრის მეორე ნახევრიდან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვისაც 24 საათიანი გადაადგილების უფლება აღდგება.
რადგან ზამთარი ახლოვდება, აქტუალური კითხვა გაგრძელდება თუ არა ინტენსიური სამუშაოები ზამთრის სეზონზე. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ბოლო სამი წელია, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, პანდემიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენებისა ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა.
სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სპეციალისტების მოსაზრება. ალეტერნატიული აზრის მოსასმენად Business Insider Geogia გეოლოგებს ესაუბრა.
თამაზ შოლაკაძე, გომბორის რეაბილიტაციის პროექტის ავტორი, მიიჩნევს, რომ ახლა როცა რიკოთის საუღელტეხილო გზასთან დაკავშირებით არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, სასურველია თუ სამინისტრო პროფესიონალებს შეხვდება და ყველა დეტალის თაობაზე განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მნიშვნელობაზე გვესაუბრა გეოლოგი ლაშა სუხიშვილიც, რომელიც გვეუბნება, რომ ადგილზე გამოცდილ კოლეგებთან ერთად რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა.
ლაშა სუხიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ 52 კმ-იან მონაკვეთზე, საკმაოდ ბევრ უბანზე შესაძლოა ბევრი რამ კარგადაც არის გაკეთებული. თუმცა ამბობს რომ იდეალური სამუშაოების შემთხვევაშიც კი რელიეფიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი პრობლემები გამორიცხული ვერ იქნებოდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება მოახდინონ თავიანთი ნაწარმის რეალიზაცია გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში. კერძოდ, სავაჭრო მოედნები მოეწყობა შემდეგ ლოკაციებზე: სურამი, შროშა და ზესტაფონი.
სამინისტროში გვეუბნებიან იმასაც, რომ ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარე თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარია.
ავტორი: სოფო ბერიძე
უახლესი