„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში მორიგი ცვლილებები შედის.
33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქციით, რომელიც ეხება ბოლო ინსტანციის კრედიტორს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა.
ვინაიდან გადახდისუნარიანობის საეჭვოობის საკითხი შესაძლებელია დადგეს რეზოლუციის პროცესშიც, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც, ორგანული კანონის ახალი რედაქცია აზუსტებს და ნათლად აყალიბებს, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას განსაკუთრებულ შემთხვევაში ბოლო ინსტანციის სესხი გასცეს იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზეც.
ორგანული კანონის 554 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ დაფინანსების გაცემა აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. ვინაიდან, ეროვნული ბანკი ex-post (დროებითი სახელმწიფო დაფინანსება) მიდგომის პარალელურად, პრაქტიკაში ამკვიდრებს წინასწარი შენატანების (ex-ante) მიდგომასაც, რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და თუ სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების (ex-ante) ფარგლებში აკუმულირებული თანხები არ არის/არ იქნება საკმარისი და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება.
ამასთან, მე-6 პუნქტში ზუსტდება რომ ex-post შენატანები ეხება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს და ასევე უცხოური ბანკების ფილიალებს.
ასევე მე-7 პუნქტში დაზუსტების სახით ემატება მითითება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ (ex post) შენატანებზე. კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება ორგანული კანონის 555 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების, სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული თანხების გამოყენების, კომერციული ბანკების მიერ ex post შენატანების განხორციელების შემთხვევაში
წინასწარი შენატანების შეჩერების, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსგან ინფორმაციის გამოთხოვის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებისა და სხვა საკითხებს. ამასთან, ამავე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მართავს დეპოზიტების დაზღვევის ფონდს, ასევე აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროცესის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ.
ამასთანავე, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს კომერციული ბანკების მხრიდან მსგავსი სახის შენატანების მობილიზების, კონტროლისა და მართვის შესაბამისი გამოცდილება უკვე აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე გადაცემის უფლებამოსილების შესაძლებლობით, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ეფექტიანი გახდება რეზოლუციის რეჟიმის წარმოება.
დამატებით, ორგანული კანონის 555 მუხლის ახალი რედაქციით განისაზღვრება, რომ სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანებით აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ჩარჩოს მიხედვით, სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივი ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების 1%-ს შეადგენს, თუმცა დაზღვეული დეპოზიტების ლიმიტი 100 000 ევროთია განსაზღვრული.
ფუნქციურად მეტნაკლებად ექვივალენტური ფონდის შესაქმნელად, მიზნობრივი ოდენობა განისაზღვრა 3% ით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს მსგავსი ქვეყნების პრაქტიკასთან.
კანონპროექტით, სარეზოლუციო ფონდის შექმნის და ex ante შენატანების ადმინისტრირებასთან, მათ შორის, ინვესტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, ხოლო ex post შენატანებთან დაკავშირებით სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების თემები კვლავ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი სამართლებრივი აქტით იქნება მოწესრიგებული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომელთა შესაბამისად: კომერციულმა ბანკებმა და უცხოური ბანკების ფილიალებმა ორგანული კანონის 555 მუხლითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირველადი შენატანის გადახდა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა;
სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანებით აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს აღნიშნული ვადა იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და გამოყენებულ იქნა სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5%-ის ოდენობით;
კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში ცვლილებების განხორციელება;
კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყონ ამ ორგანული კანონით გათვალისწინებულ ერთობლივ სამართლებრივ აქტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს, წარმოდგენილი კანონპროექტით უწესდებათ გარკვეული ფინანსური სახსრების აკუმულირების ვალდებულება სარეზოლუციო ფონდში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგად ჩამოყალიბდება სრულყოფილი და მძლავრი რეზოლუციის ჩარჩო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ფინანსურ სისტემას სიცოცხლისუნარიანობასა და სტაბილურობას შეუნარჩუნებს, დაიცავს და გააძლიერებს საზოგადოების ნდობას ფინანსური სისტემის მდგრადობის მიმართ.
გამომდინარე იქიდან, რომ კომერციული ბანკები სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებას უწევენ მოქალაქეებს, ბიზნესსა და ზოგადად ეკონომიკას, საჭიროა არსებობდეს მძლავრი მექანიზმი, რომელიც დაიცავს საჯარო ინტერესებს სწრაფი და ეფექტური გზით.
იმის გათვალისწინებით, რომ 2023-2024 წლებში, კომერციულ ბანკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გარკვეულწილად ეზრდებათ ხარჯები, კომერციულ ბანკებზე დამატებითი წნეხისგან თავის არიდებისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სარეზოლუციო ფონდში წინასწარ შენატანებთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომელიც აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარეობს, ძალაში შევიდეს 2025 წლიდან და მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს 2033 წლამდე.
კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს კომერციული ბანკის კრედიტორებზე, ვინაიდან რეზოლუციის ჩარჩოს ფუნდამენტურ მიზანს, სხვა მიზნებთან ერთად, კრედიტორთა ინტერესების დაცვა წარმოადგენს. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის დროს. ამის მიღწევა კი მხოლოდ სრულყოფილი რეზოლუციისა და მისი ინსტრუმენტების საშუალებით მიიღწევა.
იმ შემთხვევაში თუ სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადაეცემა სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლოა, გაიზარდოს სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაწევი ადმინისტრაციული ხარჯები.
აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, აგრეთვე, განვავითაროთ რეზოლუციის ჩარჩო მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული რეკომენდაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და რეზოლუციის მიზნებისთვის თანდათანობით მობილიზდეს ფულადი სახსრები, აუცილებელია სარეზოლუციო ფონდის შევსება მოხდეს კომერციული ბანკების მხრიდან წინასწარი შენატანების განხორციელებით, რითაც შესაძლებელი იქნება საბანკო სექტორში რისკების მართვის კულტურის ამაღლება, ფინანსურ კრიზისზე ადრეული რეაგირება, კრიტიკული საბანკო ფუნქციების განგრძობითობის უზრუნველყოფა და სისტემურ დონეზე ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება.
ამ მიზნებს ემსახურება საკანონმდებლო ცვლილება, რამდენადაც რეზოლუციასთან, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხები საკანონმდებლო აქტითაა მოწესრიგებული“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა