წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
რამ გამოიწვია ეკონომიკის 7%-იანი ზრდა მაისში, ამ საკითხზე საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა შემდეგ დარგებში: მსენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს, ამ შემთხვევაში, ორ სექტორში გამოვლინდა შემცირება. ეს არის დამამუშავბელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სექტორი.
ამსთან, გოგიტა თოდრაძემ სექტორულად განმარტა რას ჰქონდა გავლენა ეკონომიკის დარგების ზრდაზე:
„მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე ისეთი ობიექტების მშენებლობასთან, როგორიცაა გზების და ავტობანების მშენებლობა. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 29%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. 33%-იანი ზრდა გვაქვს ცემენტისა და კლინკერის იმპორტის მატების მხრივ. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე კომპიუტერული მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან.
ვაჭრობის სექტორში კი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილების და მათი ნაწილევბით ვაჭრობის გაფართოებასთან. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში წინა წელთან შედარებით 3.4-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მიმართულებით. გარდა ამისა, ზრდა ფიქსირდება საკვებით, სასმელებითა, ფარმაცევტული მასალებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მიმართულებითაც. გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვებისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა, ასევე საფინანსო-სადაზღვევო სექტორში და ეს დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების მატებასთან. გაზრდილია სასმელების წარმოების მაჩვენებელი, 29%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი და ოთხჯერ გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა.
ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენციები. უპირველეს ყოვლისა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში შემცირების ტენდენცია დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან და მინერალური სასუქების წარმოებასთან. ასევე მიმდინარე წლის მაისში წინა წელთან შედარებით 95%-ით შემცირდა ფერო-სილიკონ მანგანუმის ექსპორტი.
კლება იყო ასევე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში და კლების მიზეზად სახელდება საცხოვრებელი სახლების გაქირავებისა და მართვის სფეროს მომსახურების მოცულობის შემცირება. ასევე არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების შემოსავლები,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
უახლესი