ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საპროექტო სამუშაოების დაწყება იგეგმება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 711 864 ლარია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შესაბამისი წინადადებების მიღება 19 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დასრულდება.
ტექნიკური დავალება გულისხმობს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და რეკონსტრუქციისათვის რიგი საპროექტო დოკუმენტაციების კომპლექსურად მომზადებას. ასევე, უნდა მოხდეს ადზ-ს ადგილმდებარეობის განსაზღვრა თანდართული დასაბუთებით და მისი ხელოვნური საფარის შერჩევა სათანადო ეკონომიკური გაანგარიშებით.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. ახალი ადზ და სამიმოსვლო ბილიკები განისაზღვროს ქუთაისის აეროპორტის პირობებში ბოინგ 747-400-800 ტიპის კრიტიკული საჰაერო ხომალდის შერჩევით. ადზ-ს და სამიმოსვლო ბილიკების ხელოვნური საფარის პარამეტრების და ყველა ფიზიკური მახასიათებელი უნდა დაპროექტდეს საქართველოს მთავრობის N87 დადგენილების შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამიმოსვლო ბილიკების TWY-A დ ა TWY-B რექონსტრუქცია, მათი მოდიფიცირება და E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის მორგება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდეს ახალი სამიმოსვლო ბილიკი.
სამიმოსვლო ბილიკების ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან შეუღლება უნდა მოხდეს ისე, რომ მოხერხდეს E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდების შესვლა სამიმოსვლო ბილიკებზე ადზ-დან და პირიქით. გამაგრებული გვერდულის სიმტკიცე უნდა იყოს არანაკლებ 1/3 ძირითადი სამიმოსვლო ბილიკებისა. მომზადდეს ასევე სამიმოსვლო ბილიკებზე საჰაერო ხომალდების მოძრაობის სქემა და ბილიკების შესაბამისი მარკირების პროექტი.
ასაფრენი ბილიკის ადგილმდებარეობის შეცვლა გამოიწვევს არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციის აუცილებლობას, რაც მოიცავს როგორც ახალი სანიაღვრე და სადრენაჟე არხების დაპროექტებას, ასევე არსებული სანიაღვრე სისტემის შესწავლას და მის რეაბილიტაციას. შესაბამისად, საჭიროა ამ სისტემის ერთიანი საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა.
სისტემა უნდა დაპროექტდეს ისე, რომ მოიცვას აეროპორტის წითელ ხაზებში არსებული მთელი ტერიტორია. ასევე თუ პროექტი მომზადდება ისეთი ტექნიკური გადაწყვეტით, რომ იგულისხმებს სანიაღვრე წყლის ნაკადების აეროპორტის ტერიტორიიდან გაყვანას, განსაზღვრული უნდა იყოს, როგორ მოხდება მისი შემდგომი წარმართვაც. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აეროპორტის მიმდებარე შესაბამისი ტერიტორიების განსახლების გეგმის სრული დოკუმენტაციის მომზადება.
აღნიშნული გულისხმობს, განსახლების პროცესისათვის საჭირო სრული დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის: შესაბამისი დამატებითი ტერიტორიების ტოპოგეოდეზიურ სამუშაოებს; კერძო ნაკვეთების რეგისტრაციებს და ნაკვეთების გამიჯვნას; ნაკვეთების ინვენტარიზაცია (ნაგებობების აზომვა, ხეების დათვლა ნაირსახეობის წლების მსხმოიარობის და ა.შ.), შეფასება (აუდიტორული დასკვნის მომზადებას გამოსყიდვისათვის) და მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმება.
უახლესი