საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია. აპრილიდან კი სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისად მონიტორინგს დაიწყებს და მისი შედეგები უკვე ლაბორატორიული კვლევებითაც იქნება გამყარებული.
მეწარმეების ნაწილი, რომელიც წლების უკან გადავიდა ბიო წარმოებაზე, დღეს მიიჩნევს, რომ მათთვის არაფერი იცვლება და მათი წარმოება ისედაც არსებული რეგულაციების შესაბამისად ხდებოდა, თუმცა ბაზარზე იყვნენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომელთანაც ფასის გამო კონკურენცია რთულდებოდა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „აა პლასტისთვის“ იურისტმა მელიტა პატარიძემ განაცხადა, აქტიური მონიტორინგის შემდეგ კი „აა პლასტი“ ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას შეძლებს.
„კომპანია „აა პლასტისთვის“ არაფერი არ იცვლება. რეალურად რაც კი ბიო წარმოების შესახებ შესაბამისი კანონი ამოქმედდა, ჩვენ მაშინვე გადავერთეთ. პირიქით ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის წარმოება გარკვეულწილად რთულიც კი იყო, რადგანაც ბაზარზე ბევრი კანონდამრღვევი კომპანია არსებობდა, რომელიც ბიო პროდუქციას არ აწარმოებდა და ჩვენ მათთან კონკურენცია გვიწევდა და ხშირად ამ კონკურენციაში ვერც შევდიოდით, რადგანაც არსებული კანონით გათვალისწინებული წარმოებით ნაწარმოები პარკი, რასაც ჩვენ ვაწარმოებდით, შედარებით ძვირი იყო და არაკეთილსინდისიერი მეწარმეების კონტროლი ჩვენი მხრიდან სწორი არ იყო. სახელმწიფო პერიოდულად აკონტროლებდა და ხდებოდა დაჯარიმებები, მაგრამ როცა საფუძველი მყარი არ იყო, საუბარი მაქვს ლაბორატორიაზე, ისინიც გარკვეულწილად თავს იმართლებდნენ.
ახლა კი „აა პლასტი“ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს ბაზარზე და კიდევ უფრო აქტიურად დავარწმუნებთ ჩვენს კლიენტებს, რომ კარგი იყო ჩვენთან თანამშრომლობა და რომ ჩვენ მათ ხარისხიან პროდუქციას ვაწვდიდით. ჩვენთვის არც ფასი და პირობები იცვლება და ყველაფერი რჩება იგივე. ალბათ გაუჭირდებათ ისეთ კომპანიებს, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს ისეთი პარკების წარმოებაზე, რომელიც სტანდარტებში არ ჯდებოდა“, - აცხადებს მელიტა პატარიძე.
„აა პლასტის“ იურისტი მიიჩნევს, რომ მკაცრ ადმინისტრირების პირობებში გარკვეულ მეწარმეებს გაუჭირდება და შესაძლოა მათ ბაზრიდან გასვლაც კი მოუწიოთ.
„თუ კი საბაზრო პარკზე აქტიური კონტროლი წავიდა და ის ჯარიმები, რაც გათვალისწინებულია გამოიწერება, 1000 ლარი მოჭრილად უნდა იყოს მეწარმისთვის და ყველა წარმოებულ პარკზე, რომელიც კანონდარღვევით იქნება წარმოებული 25 თეთრი, აქ ხომ არ არის ცალობაზე, წარმოება ხდება ტონობით და თუ აღსრულებაში მოვა აღნიშნული საკითხი ბაზრიდან გაიყვანს გარკვეულ მოთამაშეებს.
არ იფიქროთ, რომ ეს პატარა ბაზარია, საკმაოდ მსხვილი ბაზარია. ალბათ რა თქმა უნდა ცოტა გაურთულდება იმპორტს. მისასალმებელია, რომ ადგილზე ამდენი წარმოება გაიხსნა პოლიეთილენის თუ ბიო წარმოება და კარგია, რომ ადგილზე იქნებიან მეწარმეები და პარკი არ შემოვა თურქეთიდან და ირანიდან, როცა შენ გაქვს 30 საწარმო, რომელიც ამ საქმეს აკეთებს.
იმპორტირებული პროდუქცია, ადგილობრივი წარმოების პროდუქციასთან მიმართებაში ფასებით თითქმის იგივეა. არის მაგალითები, როდესაც კომპანიები ადგილობრივ მეწარმეებს უნდობლობას უცხადებენ და ურჩევნიათ, რომ იმპორტირებული შეიძინონ.
თუმცა ჩვენ გვყავს ჩვენი სტაბილური მომხმარებელი, რომელიც წლებია ყიდულობენ ჩვენგან პროდუქციას. ბიზნესში ასეა, რაც უფრო მსხვილია კომპანია მას უფრო მეტი მაკონტროლებელი ჰყავს და ამიტომ დღეს ჩვენ უფრო გვყავს მაკონტროლებელი, ვიდრე პატარა მეწარმეებს“, - აცხადებს „აა პლასტის“ იურისტი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიამ 2024 წელს გაიარა აკრედიტაცია პლასტიკისა და ბიოდეგრადირებად პარკებში პლასტიკის მასალის მიკრო ფრაგმენტებად დაშლის განსაზღვრის და პლასტიკის მასალებში მეტალების (თუთია, სპილენძი, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ქრომი, მოლიბდენი, სელენი, დარიშხანი) განსაზღვრის კვლევებზე.
„აა პლასტი“ ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 2007 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პირველადი ნედლეულის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს პოლიეთილენის ნედლეულის გადამუშავებასა და ნაწარმის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიეთილენის სფეროში „აა პლასტი“ ყველაზე მსხვილი მწარმოებელია შიდა ბაზარზე.
საწარმოში პროდუქციის წარმოება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ნაკლოვანი პროდუქციის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
უახლესი
5 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება6 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა