დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გეგმები აქვს სახელმწიფოს კურორტ გოდერძის და ბეშუმის განვითარების მიმართულებით

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს კურორტ გოდერძის და ბეშუმის განვითარების მიმართულებით

27-09-2023 19:00:21

ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება კურორტ გოდერძის შემდგომ კიდევ უფრო განვითარებას. კურორტის განვითარება კი კავშირშია რეგიონისა და მათ შორის აჭარის მთიანი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ გოდერძის კურორტზე დამატებითი საბაგირო გზის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, კურორტ გოდერძისა და ასევე, ბეშუმის მიმართულებით ინვესტორების დაინტერესება დიდია. იმავდროულად მიმდინარეობს, კურორტთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რაც მის პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. 

„ამავე დროს, ვინაიდან ასეა გაზრდილი საინვესტიციო ინტერესი გოდერძისა და ბეშუმის მიმართულებით, სამინისტროს დაკვეთით პარალელურ რეჟიმში დაწყებულია და დასასრულს უახლოვდება ბეშუმი-გოდერძის საპროექტო არეალის გენერალური გეგმის შემუშავება. ეს გეგმაც მოიცავს კურორტ გოდერძისა და ბეშუმის საპროექტო არეალის შემდგომ განვითარებას, ანუ რასაც კლასიკური გაგებით გენგეგმა ითვალისწინებს. იმავე დროს, სამთო სათხილამურო კურორტის მიმართულებით გენგეგმაში მოცემულია რეკომენდაციები, რომ ბეშუმის მიმართულებით შესაძლებელი იქნება სათხილამურო ტრასების განვითარება.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანი თემაა ეს არის გოდერძის უღელტეხილისადმი გაზრდილი დაინტერესება. იცით, რომ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რომლის დიდი ნაწილიც უკვე შესრულებულია ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილამდე.

ამ დროისათვის სამუშაოები წარმოებს ხულოდან გოდერძის მიმართულებაზე. აღნიშნული გზა ფაქტობრივად იქნება ქვეყნის სამხრეთით ურბანული ღერძის შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, გოდერძის უღელტეხილი არამარტო რეგიონისთვისაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, არამედ ქვეყნის სივრცითი მოწყობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გამოდის“, - აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

ამ დროისათვის კურორტ გოდერძიზე რამდენიმე სასტუმრო და დასასვენებელი კოტეჯი უკვე ფუნქციონირებს და რამდენიმე განთავსების ობიექტიც მშენებლობის პროცესშია. 

იგივე თემაზე:

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები