არაბეთის გაერთიანებული საამიროები საკმაოდ საინტერესო ბაზარია. გალფის ქვეყნები ერთის მხრივ ახლოსაა, მეორეს მხრივ საკმაოდ განვითარებულია და კიდევ უფრო ვითარდება, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.
მისი თქმით, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რატიფიცირებით საქართველო ამ ბაზარზე წვდომას უფრო ეფექტურად შეძლებს.
„ამ ეტაპზე რაც გაგვაქვს ეს არის ალკოჰოლი, ძირითადად ცხვრის ხორცი და თხილი. თუმცა გარკვეული რაოდენობით უკვე შევიდა იგივე თაფლი, ხილი, მათ შორის ცოცხალი, ახალი ხილი. ასევე ხდება წყლის ექსპორტი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ალტერნატიული ბაზრები და არსებულის დივერსიფიკაცია გვჭირდება, ის პროდუქტები რაც გადის რუსეთის ბაზარზე შესაძლოა, გარკვეული ნაწილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადამისამართდეს. ამ კუთხით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ნამდვილად დაგვეხმარება.
სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ეს არის კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ დაიწყოს კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. შესაბამისად ტარიფი შემცირებულია ან განულებულია, თუმცა ამას თან ახლავს სამთავრობო შეთანხმებები და მთელი რიგი ღონისძიებები, რაც იგეგმება იმისათვის, რომ ვაჭრობა გაიზარდოს. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია.
საამიროებში მიწოდების ჯაჭვები აწყობილია, შესაბამისად მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია, გამოფენებში მონაწილეობა, რათა ქართული პროდუქტის ცნობადობა გაიზარდოს და მეწარმეებმა დაამყარონ კონტრაქტები“, - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.
რატი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, რაც შეეხება ამ ბაზარზე ტექნიკურ ბარიერებს, გარკვეულწილად ბარიერები ცხოველურ პროდუქტებზეა, რადგანაც მუსლიმური ქვეყანაა და შესაბამისად თავისი მოთხოვნები აქვს.
„ასევეა ქსელებში შესვლასაც, რადგანაც იქ წამყვანი სახელმწიფოა. საამიროებში ძირითად ბიზნესს სახელმწიფო აკონტროლებს და ამიტომ ის ურთიერთობები რაც სამთავრობო დონეზე ხდება უკვე ბიზნესების დონეზე უნდა დაიწყოს და მოჰყვეს შეთანხმებები და ვაჭრობა. ეს არის ბაზარი, რომელსაც თავისი კონიუნქტურა და რეგულაციები აქვს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიან მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს.
ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროს და საკითხს დაფარავს - საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებსა და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციისა და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობის და სხვა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 31,091.13 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტმა 283,428.96 ათასი დოლარი შეადგინა.
უახლესი