დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველი ქართული სპორტული საკვები დანამატების ბრენდი „ვიტამინ ფაუერი“ საწარმოს ხსნის

პირველი ქართული სპორტული საკვები დანამატების ბრენდი „ვიტამინ ფაუერი“ საწარმოს ხსნის

22-05-2024 13:00:00

კომპანია „ვიტამინ ფაუერი“, რომელიც სპორტულ საკვებდანამატებს აწარმოებს და  იმავე სახელწოდების ბრენდით ოპერირებს, საქართველოში საწარმოს ხსნის და პროდუქციის ექსპორტირებასაც გეგმავს.

კომპანიის თანადამფუძნებელი აკაკი მოწონელიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ 2 მილიონიანი ინვესტიციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნავაზაში საწარმოს მშენებლობა უკვე დაასრულეს.

„საწარმო სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ოფიციალურად ზაფხულში გაიხსნება.  ჯამური ინვესტიცია 2 მილიონი ლარია. ეს არის ბანკის სესხზე დაფუძნებული ინვესტიცია, სადაც პროცენტის თანადაფინანსებაში მხარი დაგვიჭირა პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ და  ამ პროექტის ფარგლებში 4% გვიფინანსდება“, - ამბობს აკაკი მოწონელიძე.

„ვიტამინ ფაუერი“ ამ დროისთვის 12 დასახელების სპორტულ საკვებდანამატებს აწარმოებს.

„ ჩვენ უკვე 10 წელია ვართ საკვები დანამატების უცხოური კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. კერძოდ, წარმოვადგენთ ბრიტანულ, ამერიკულ და ევროპული ბრენდებს. 

რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას,  რეალიზებას ვახდენთ კომპანია „ვიტამინის“ ქსელში რომელიც 13 მაღაზიას ფლობს. საკვები დანამატი განკუთვნილია სპორტსმენებისთვის, იმ ადამიანებისთვის ვისაც ცხოვრების აქტიური წესი აქვს და ვარჯიშობენ.

ვცდილობთ, წარმოებაში ადგილობრივი პროდუქტი გამოვიყენოთ, საიდანაც 40 % ადგილზეა დამზადებული, ხოლო 60% იმპორტირებული“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

როგორც „ვიტამინ ფაუერის“ წარმომადგენელი ამბობს, მათი მთავარი მიზანი ექსპორტია.

„საქართველოს ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ წარმოებაში ამხელა ინვესტიცია განგვეხორციელებინა. ჩვენი მიზანია ხარისხიანი ბრენდის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მსგავს პროდუქტებს. გვაქვს ამბიცია, რომ ქართული პროდუქტი გავიტანოთ დიდ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, წლის ბოლოს 50-ზე მეტი სახეობის პროდუქციას ვაწარმოოთ და ბრენდი სრულყოფილი გავხადოთ“, - ამბობს „ვიტამინ ფაუერის“ თანადამფუძნებელი .

ამ დროისათვის კომპანია 20 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები