საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ფასების სტაბილურობა მაღალი და სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული.
ნათია თურნავამ მოხსენების წარდგენისას ისაუბრა საქართველოში ინფლაციის შემცირების ტენდენციაზე. 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი ინფლაცია 0.1 პროცენტს, ხოლო საბაზო ინფლაცია, 1.8 პროცენტს შეადგენს. მისი განმარტებით დაბალი ინფლაცია ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია. მეორეს მხრივ კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლარის კურსის გამყარებამ, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმპორტული ინფლაციის კლებას და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა.
"ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. თუმცა 2024 წელს, ძირითადად, საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოდ 3.6%-ს იქნება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის შემცირების პროცესში დადებითი წვლილი შეიტანა მთავრობის ფისკალური კონსოლიდაციისკენ მიმართულმა პოლიტიკამ და ცალკეულ სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერებისკენ განხორციელებულა ღონისძიებებმა." - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აღნიშნა, რომ მიუხედავად განაკვეთის მცირე ბიჯებით შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრებულ პოზიციაზეა. ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1.0 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10 პროცენტს შეადგენს.
"ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს (ამჟამინდელი შეფასებით 7%-ს) ეტაპობრივად დაუახლოვდება", - განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გასულ წელს მაღალი ინფლაციის მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა, გარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისა, სხვა დამატებითი ინსტრუმენტებიც გამოიყენა, რომელმაც წარმატებით დროებით შეანელა საკრედიტო აქტივობა და ამ არხით ინფლაციის შემცირებას დაეხმარა. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, არსებული მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სებ-ის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გაიზარდა.
მოხსენების ფარგლებში ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმზე, რომელიც ნოემბრის მდგომარეობით, 5.1 მლრდ დოლარს გაუტოლდა. მისი თქმით, სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ქვეყნის სუვერენული რისკის მინიმიზაციის წინაპირობაა, რაც პოზიტიური ფაქტორია ინვესტიციებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის.
სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას და საბაზო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რაც, მეტწილად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენით აიხსნება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს.
ნათია თურნავამ მოხსენების დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.
უახლესი