პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილია ორმოცდაათზე მეტი საკითხის განხილვა.
ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„კანონპროექტით წესრიგდება უცხოური გავლენის აგენტთა, უცხოურ ძალასთან, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან, განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფასთან, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასთან, უცხოური გავლენის რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან, მონიტორინგთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა