სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა, 47-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დეკლარაცია მიიღო. სესიას 92 დელეგატი ესწრებოდა. საქართველოს შესახებ დეკლარაციას 76-მა დელეგატმა მისცა ხმა, 10 წინააღმდეგი იყო, 6-მა კი თავი შეიკავა.
დეკლარაციის მიღებამდე მისი განხილვა და დებატები გაიმართა. დებატებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა.
როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, კონგრესის დებატებმა საქართველოში შესაძლოა პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი არასწორი ან გაზვიადებულია. კონგრესი ამ დეკლარაციით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოსთვის რეალური პრობლემაა. თუმცა დღეს მიმდინარე დებატებმა შესაძლოა პოლარიზაცია გაზარდოს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დეკლარაცია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროსაბჭოს კონგრესი დაინტერესებულია, გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კი არ გააძლიერებს დემოკრატიას არც საქართველოში და არც კონგრესში. ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის ერთგულია.
„ჩვენ თანამშრომლობისა და დიალოგის ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ გრძელ გზას ევროპული მომავლისკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, იმავდროულად ვიმუშავებთ იმ რთული პერიოდის დასაძლევად, რომელიც გამოწვეულია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს გაიხსნა და 17 ოქტომბერს დასრულდება. მასში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მონაწილეობენ.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება