დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქტომბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 18 მლნ ლარით შემცირდა

ოქტომბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 18 მლნ ლარით შემცირდა

05-12-2023 17:43:00

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 182.2 მლნ ლარით (2.6%) შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.8 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 106.6 მლნ ლარით (1.6%-ით) გაიზარდა.

საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 59.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა ოქტომბრის განმავლობაში 13.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 157.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ოქტომბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 149.7 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 729.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 18.0 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 90.4 მლნ ლარით შემცირდა. აღნიშნულ თვეში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 125.6 მლნ ლარით გაიზარდა და 147.3 მლნ ლარს შეადგენს.

ოქტომბერში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით 84.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და ამით საბანკო სექტორის ლიკვიდობა 228.0 მლნ ლარით შემცირდა .

მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ 60.0 მლნ ლარი შეადგინა და პორტფელის მოცულობა 60.0 მლნ ლარით გაიზარდა მთლიანობაში, ოქტომბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 35.6 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 1,068.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ოქტომბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 143.0 მლნ ლარით გაიზარდა, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 116.0 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატებამ განაპირობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები