დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოში ინდუსტრიული ღვინის წარმოება მცირდება, თუმცა მცირე მარნების ბიო დინამიკური ღვინის გაყიდვები მზარდია - „მარანი კასრელი“

მსოფლიოში ინდუსტრიული ღვინის წარმოება მცირდება, თუმცა მცირე მარნების ბიო დინამიკური ღვინის გაყიდვები მზარდია - „მარანი კასრელი“

27-06-2024 14:00:00

„მარანი კასრელი“, რომელიც კახეთსა და იმერეთში ბიო ვენახებს ფლობს და ბიო ღვინოს აწარმოებს, ღვინის 90%-ს ექსპორტზე ყიდის. როგორც Business Insider Georgia-სთან შპს „მარანი კასრელის“ თანადამფუძნებელმა მიხეილ დოლიძემ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე ბიო ღვინოებზე მოთხოვნა იზრდება, მაშინ როდესაც ინდუსტრიული ღვინოების მოხმარება ნელ-ნელა კლების ტრენდზეა. 

„ბოლო 20-25 წელია რაც ინდუსტრიული ღვინის, რასაც საქართველოში ქარხნულ ღვინოს უწოდებენ, გაყიდვები ნელ-ნელა იკლებს და უმნიშვნელო, მაგრამ ზრდა აქვს პატარა მწარმოებლების, ბუნებრივი, ბიო, ბიო დინამიკური ღვინის გაყიდვებს. ზოგადი ტენდენციაა, რომ ღვინის, როგორც მასიური ალკოჰოლის მოხმარება იკლებს და უფრო სელექციური მოხმარება იზრდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია თავად მომხმარებლის გემოვნებასა და მოხმარების კულტურაზე. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა, მაგრამ ახალი თაობა როგორც ჩანს ნაკლებად სვამს ალკოჰოლს. ნაკლებად სვამენ ღვინოს როგორც ალკოჰოლს და უფრო სელექციურები არიან. ანუ არ ეძებენ სუპერმარკეტში იაფფასიან ღვინოს და უფრო ეძებენ ღვინის ბარებში, ღვინის რესტორნებში, ღვინის მაღაზიებში, რომელიც არის სპეციალიზებული, სადაც გამყიდველი სასმელთან ერთად მხოლოდ ქვითარს კი არ გაუწოდებს, არამედ ღვინოზე მიაწოდოს დეტალური ინფორმაციას: თუ რა ღვინოა, რომელი ქვეყნიდანაა, რა ტექნოლოგიითაა დამზადებული და ასე შემდეგ. 

ზოგადად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან დაწყებული და შემდეგ უკვე მთავრობებმაც მხარი აუბეს, დაწყებულია მოძრაობა, რომ ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ ამ ფაქტორს განსაკუთრებული გავლენა აქვს მასიურ მოხმარებაზე. უფრო ბუტიკური ტიპის რეალიზატორები და მომხმარებლები უფრო კარგად გრძნობენ თავს წინა ათწლეულებთან შედარებით, ვიდრე დიდი კომპანიები და ინდუსტრიული მწარმოებლები“, - განმარტავს მიხეილ დოლიძე.

რაც შეეხება „მარანი კასრელის“ ღვინოებს ის აქტიურად იყიდება  აშშ-ში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, პოლონეთში, გერმანიაში და იაპონიაში. 

„მარანი კასრელი“ 2015 წლიდან არსებობს. გვაქვს საკუთარ ვენახები კახეთსა და იმერეთში. გვაქვს ბიო ვენახი და შესაბამისად სხვა კატეგორიის ღვინოს არ ვაწარმოებთ. ჩვენი წარმოება არის ე.წ. ბუნებრივი ღვინო და ვართ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრებიც. 

„მარანი კასრელის“ ღვინოების 10%-ი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გადის. დღეისათვის ექსპორტზე აქტიურად ვართ წარმოდგენილები აშშ-ში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, პოლონეთში, გერმანიაში და იაპონიაში. ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ჩვენი ღვინო რეგულარულად გაგვაქვს“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მიხეილ დოლიძე ამბობს, რომ „მარანი კასრელის“ ღვინოებს თავის დროზე საექსპორტო ბაზრებზე შესვლა არ გასჭირვებია. 

„საექსპორტო ბაზრებზე მარტივად შევედით, იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ღვინის იმპორტს ახდენდნენ  საქართველოში ბრძანდებოდნენ  და დღეს უკვე ჩვენი პარტნიორები არიან. საქართველოში ვიზიტისას მათ გაიცნეს კომპანია და გასინჯეს ჩვენი ღვინო და ამის შემდეგ გადაწყვიტეს იმპორტის გაკეთება. არც ერთ ამ ქვეყანაში ჩვენ ჩასვლა და საპრომოციო კამპანიის ჩატარება და ამ გზით მიზნის მიღწევა არ დაგვჭირვებია. ბევრი თვალსაზრისით გაგვიმართლა კიდეც“, - აღნიშნა „მარანი კასრელის“ თანადამფუძნებელმა. 

ირკვევა, რომ კომპანია წელიწადში საშუალოდ 15 ათას ბოთლ ბიო ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 1000-1500 ბოთლს საქართველოში იყიდება. კომპანიის ღვინოების საექსპორტო ბაზრებიდან კი ნომერ პირველი აშშ-ს ბაზარია. კომპანიისთვის ასევე დიდი მნიშვნელობის მატარებელია მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათგან უკუკავშირი. 

„მოგვწონს ბევრ ქვეყანაში ყოფნა, მოგვწონს ბევრი კულტურის მომხმარებელთან ურთიერთობა. ჩვენ, რომ წლის განმავლობაში 10 მლნ ბოთლს ღვინოს ვაწარმოებდეთ მის საბოლოო მომხმარებელთან ურთიერთობა რთული იქნება. ჩვენ ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობას ვცდილობთ. ხშირად ჩვენს ბოთლებზე დატანილია ჩვენი Facebook-ის გვერდი, ან E-mail-ის მისამართი, რომ ჩვენი ღვინოები მოეწონათ, ან არ მოეწონათ მოგვწერონ, დაგვიკავშირდნენ“, - აღნიშნავს მიხეილ დოლიძე. 

„მარანი კასრელი“ საშუალოდ 10 სახეობის ბიო ღვინოს აწარმოებს.

„ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო, რომ გვქონოდა იშვიათი ქართული ჯიშები, რომლებიც არის მივიწყებული და ასე შემდეგ. დღეს საფერავიც გვაქვს და რქაწითელიც და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამ ორ ჯიშს რაიმეს ვერჩით ან სხვა რომელიმე ცნობილ ჯიშს. უბრალოდ გვინდოდა, რომ ჩვენც როგორც საკუთარი ღვინის მომხმარებლებს და ზოგადად მომხმარებლებს გვინდოდა, რომ ბევრი გემოს გაგების და შეგრძნების საშუალება გვქონოდა. ამიტომ დღეს ბევრი სახეობა გვაქვს, ბევრ ჯიში გვაქვს, როგორც კახეთი ისე იმერეთში. ჩვენი ვენახების საერთო ფართობი 12 ჰა არის და როდესაც ამ 12 ჰა-ზე 15 სხვადასხვა ჯიში გვაქვს თითოეული ღვინის მოცულობა მცირეა. საშუალოდ 1500-2000 ბოთლი გვაქვს ხოლმე თითო სახეობის ღვინო. ზოგი მეტი ზოგი ნაკლები, მაგრამ ეს მრავალფეროვნება ძალიან მოგვწონს“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიამ „მარანი კასრელი“ საქმიანობა თავის დროზე მწირე მიწიდან დაიწყო, სადაც ვაზი გააშენა, შემდეგ გააფართოვა და სრული საწარმოო ციკლი ააწყო. მიხეილ დოლიძე ამბობს, რომ კომპანია შეძლებისდაგვარად სულ ცდილობს ვენახის ფართობი გააფართოოს. ირკვევა, რომ დღემდე კომპანიას როგორც ყურძნის ისე ღვინის წარმოებაში 700 ათასიდან 800 ათას ლარამდე ინვესტიცია უკვე აქვს განხორციელებული. 

„ვენახებს სულ ვფართოვდებით. როდესაც 2015 წელს საქმე დავიწყეთ გვქონდა 6000 კვ/მ მიწა და აქედან დავიწყეთ. სულ ვკითხულობდით სხვადასხვა ჯიშებს და თანდათან ვაფართოებდით ჩვენს ვენახსაც. ვაფართოებდით ჩვენს მარანს. გვაქვს ჩვენი ვენახი, საწარმო, მარანი ანუ თვითკმარი კომპანია ვართ“, - ამბობს „მარანი კასრელის“ თანადამფუძნებელი მიხეილ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ „მარანი კასრელი“ წარმოადგენს ორგანულ მევენახეობა და მეღვინეობას, რომლის ძირითადი პრინციპული მიმართულებებია: მივიწყებული ქართული ჯიშების აღორძინება და ტერიტორიული ექსპერიმენტები - სხვადასხვა რეგიონის ყურძნის ჯიშების კახეთში გაშენება.

„მარანი კასრელის“ საწარმო და მარანი მდებარეობს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები