დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებლობის გაძვირებში ხელფასის წილის ზრდა ლოგიკურია - ბესო ორთოიძე

მშენებლობის გაძვირებში ხელფასის წილის ზრდა ლოგიკურია - ბესო ორთოიძე

08-05-2023 13:10:51

მარტში თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.7%-ით, ხოლო 2022 წლის თებერვალთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა.

როგორც Business Insider Georgia-თან „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე განმარტავს, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაში, ხელფასის წილის ზრდა ლოგიკურია, რადგანაც მარტში თებერვალთან შედარებით მეტი სამუშაო დღე იყო და შესაბამისადაც სექტორმა მეტი ხელფასი გასცა. 

„ოფისში დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით მშენებლობაზე არ არის ფიქსირებული ხელფასები. ამ სექტორში ხელფასები შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა. მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების 95%-ი ამ პრინციპით იღებს ხელფასს, თუ არ ჩავთვლით ზედამხედველს და მსგავსი ტიპის კადრებს.

შესრულებულ სამუშაოზე კი მოქმედებს სამუშაო დღეების რაოდენობა. თუ თვის განმავლობაში მეტი სამუშაო დღეა, დასაქმებულიც მეტს გამომუშავების და თვითონ სექტორიც ბევრ ხელფასს გასცემს. იანვარში არის ყველაზე მეტი დასვენების დღე, შესაბამისად იანვარში შემცირება მოხდა დეკემბერთან შედარებით.

ანუ ხელფასები კი არავის შეუმცირებია, უბრალოდ უფრო ნაკლები ხელფასი გაიცა, რადგანაც უფრო ნაკლები სამუშაო დღე იყო. თებერვალთან შედარებით მარტში ხელფასები გაზრდილია, რადგანაც თებერვალი ყველაზე პატარა თვეა და მარტში 3 დღით მეტი სამუშაო დღეა.

თუმცა იანვართან შედარებით თებერვალში უფრო მეტი სამუშაო დღე გამოდის. შესაბამისად თებერვალთან შედარებით ზრდა არის და ეს ლოგიკურია. 3 დღე  მთლიან თვეზე, რომ დავიანგარიშოთ უკვე სრული თვის 10%-ია. მცირედი რყევები ძირითადად ამ მიზეზებითა გამოწვეული.

როდესაც აპრილის მონაცემები გამოქვეყნდება, მარტთან შედარებით იქნება უმნიშვნელო სხვაობა. თუმცა პროცესში, წლიდან წლამდე რომ ავიღოთ მცირედი ცვლილება ყოველთვის არის, რადგანაც ხელფასები მუდმივად უფრო იზრდება. შესაძლოა, მაღალი ზრდა არ არის, მაგრამ რაღაც პერიოდულობით ზრდა მცირედით მაინც შეიმჩნევა“,- განმარტავს ორთოიძე.

რაც შეეხება სამშენებლო მასალების ფასს, ორთოიძის თქმით, ამ მიმართულებით კლება არ ფიქსირდება.

„მე უფრო ვიტყოდი, რომ დასტაბილურდა. თუმცა აპრილიდან ბეტონის ფასი გაზიარდა. თუ ჩვენ სამშენებლო მასალების ფასების მხრივ გასული წლის მონაცემებს გადავხედავთ, სადაც მაღალი ზრდა გვქონდა, წელს ეს ფასები უკვე დასტაბილურდა. მცირედი სხვაობა როდესაც გვაქვს ეს ნიშნავს, რომ ფასი დოლარის კურსზეა მიბმული, ან გლობალური ბაზარი აკორექტირებს“,- ამბობს „არსის“ გენერალური დირექტორი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 14.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები