კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურად შეძენილი საქონლის უპირობოდ დაბრუნების და ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, 80 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 44 შეთანხმება გააფორმა. 41 საქმეზე გაფორმებულ 22 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 23 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 10 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
უახლესი