დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი - პრემიერი

მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი - პრემიერი

30-06-2023 13:41:38

კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს მთავარი დამაბინძურებელი  ავტომობილების გამონაბოლქვია, მივიღეთ გადაწყვეტილება ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღების შესახებ, რითიც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა საქართველოს გარდა, რომელმაც ევრო-5-ის სტანდარტი არ შემოიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტიც.

"გარემო,რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგადად, ჰაერის ხარისხი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბოლოს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგულირდება ავტომობილების იმპორტი. ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება. რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ დარჩა ჩვენს გარდა, რომელმაც ეს სტანდარტი არ შემოიღო. მე ვგულისხმობ ევრო-5-ის სტანდარტის სავალდებულო შემოღებას. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი უნდა შეიზღუდოს. მთავარი დამაბინძურებელი, ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ კვლევებით, გარემოს სააგენტომ დაამუშავა ეს საკითხი, სერიოზული გამოწვევაა სწორედ და ეს გამოწვევა უკავშირდება კონკრეტულად ავტომობილების გამონაბოლქვს. ჩვენ სისტემატიურად ვამოწმებთ საწვავის ხარისხს.  ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს შემოწმება და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კვლავაც, მაგრამ მთავარი გამოწვევა, რომელიც რჩება ამ სფეროში, არის სწორედ ჰაერის დაბინძურება, რომელიც გამომდინარეობს გაუმართავი ავტომობილებიდან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჩავკეტეთ ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც, რომელიც ერთგვარ ბიზნესად იქცა. ხდებოდა ამ კატალიზატორების ამოღება მანქანებიდან და ამის გასხვისება. ეს ჩაიკეტა. მოლოდინი არის, რომ რამდენიმე წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება ჰაერის ხარისხი, დედაქალაქში თუ მსხვილ ქალაქებში. ქვეყანა უნდა გახდეს განვითარებული, მოვლილი, გაციფრულებული, მწვანე ეკონომიკა და ეს რა თქმა უნდა, არის მიმართულება, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს ზოგადად ევროკავშირისგან და ზოგადად, ამ მიმართულებით მიდის ყველა განვითარებული ქვეყანა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები