სანაყინეების ცნობილი კომპანია „თოლია“ ფართოვდება. უახლოეს პერიოდში 4 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან „თოლიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ლომთაძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმატებულია და მოთხოვნა უკვე 7%-ით არის გაზრდილი.
„სეზონი კარგად დავიწყეთ, გაყიდვებში 7%-იანი ზრდა გვაქვს. შემდეგ ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავზრდით. დაგეგმილია გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა, რომელიც ძალიან მალე დაგვემატება.
კერძოდ, გაიხსნება 4 ახალი სანაყინე: ორი რუსთავში, ერთი ქუთაისში და ერთიც თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდება.
ნაყინის ასორტიმენტთან ერთად გაყიდვაში იქნება სხვადასხვა პროდუქტი: ცივი და ცხელი ყავა, მაფინები და რამდენიმე დასახელების ნამცხვარი, რომელთა შეძენა მომხმარებელს ნებისმიერ სანაყინეში შეეძლება", - ამბობს სანდრო ლომთაძე.
მისი ინფორმაციით, ახალ ობიექტებში 40-მდე თანამშრომელი დაემატება. ამ ეტაპზე „თოლიას“ ქსელში 230-მდე ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 28 სანაყინეა.
უახლესი