მიკრო ბანკად გარდაქმნის სურვილი 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს.
როგორც „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა იური ლებანიძემ განუცხადა, მიკრო ბანკად ჩამოყალიბების სურვილი „კრისტალს“, „ემბისის“ და „ლაზიკა კაპიტალს“ აქვთ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიკრო ბანკად გადაქცევის სურვილი აქვთ, მაგრამ გააკეთებენ თუ არა განაცხადს თავად გადაწყვეტენ“, - აღნიშნა იური ლებანიძემ.
როგორც ცნობილია, 2022 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან ბაზარზე შემოდის ახალი, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი - მიკრო ბანკი.
მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ისეთი სახის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისა და რეალური ეკონომიკის დარგების დაკრედიტებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.
2024 წლის 1-ელ იანვრამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, მიკრო ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს.
მიკრო ბანკებზე გავრცელდება დაბეგვრის იგივე რეჟიმი, რომელიც ამჟამად მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ. ამასთან, საბიუჯეტო შემოსავლები გაჩნდება მიკრო ბანკისთვის დაწესებული სალიცენზიო მოსაკრებლის (100 000 ლარი, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში) და ასევე, მიკრო ბანკების სტრუქტურიდან გამომდინარე, კადრების ზრდის აუცილებლობით გამოწვეული გაზრდილი საშემოსავლო გადასახადების სახით. გარდა ამისა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს მოგების გადასახადი, კანონმდებლობით დადგენილი სხვა გადასახადები და შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ მიკრო ბანკისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შედეგად განსაზღვრული გადახდები (კანონპროექტის 29-ე მუხლის შესაბამისად), ვინაიდან ფულადი ჯარიმის სახით დაკისრებული თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დადებით გავლენას იქონიებს მიკრო ბანკების საქმიანობის შედეგად, იაფ საკრედიტო პროდუქტზე გაზრდილი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, შესაბამის დაკრედიტების სფეროებში, მეწარმეთა გაუმჯობესებული მდგომარეობა და მათი შემოსავლების ზრდა.
ზემოაღნიშნული შემოსავლების ზუსტი მოცულობის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მსურველთა და ამ ლიცენზიის მიმღებთა ოდენობაზე და მათი შემდგომი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების მოცულობაზე. ეს უკანაესკნელი კი დამოკიდებული იქნება მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ბიზნეს გეგმებზე, ზომაზე, კომპლექსურობასა და რისკის აპეტიტზე.
რაც შეეხება ფულადი ჯარიმების კონკრეტულ ოდენობას, აღნიშნული სხვადასხვა დარღვევებისათვის ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, კანონის ამოქმედების შემდგომ განისაზღვრება და ფულადი ჯარიმის გამოყენება დამოკიდებული იქნება დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
უახლესი
12 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე14 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს