Marila • მარილა ახალი, ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტია. ეს არის, პრემიუმ ხარისხის ღვინისა და მარილის შერწყმით, სპეციალური მეთოდით შექმნილი მარილ-სანელებელი, რომელიც განსაკუთრებული არომატებითა და ფერით გამოირჩევა. ამჟამად, წარმოდგენილია სამი სახეობა: საფერავი - კლასიკური, რქაწითელი - კლასიკური და პიკანტური - საფერავის, რქაწითლისა და სუნელების ნაზავი. კომპანიამ არსებული ასორტიმენტი გააფართოვა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „მარილას“ დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა. მისი თქმით, კლასიკურ ვერსიას დაემატა სუნელები.
„დავამატეთ ახალი მიმართულება, რომელიც არის პიკანტური რქაწითელი-საფერავის მიქსი სუნელებით. აქამდე გვქონდა საფერავი და რქაწითელი კლასიკური. სუნელები არის ქართული. ქინძი, კამა, ნიორი, კვლიავი და სხვა რაც ქართულ გემოებთან უფრო ასოცირდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
„მარილა“ აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში, როგორც ადგილობრივად ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. კომპანია, პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს და გაფართოებასაც აქტიურად გეგმავს.
„2025 წლის იანვარში „მარილა“ - მადრიდში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ გამოფენაში MADRID FUSIÓN-ში მონაწილეობდა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო შეფებთან ერთად, თავი მოიყარა გამორჩეულმა და ინოვაციურმა საკვებმა პროდუქტებმა. ექსპორტის მიმართულებით, პროდუქცია იყიდება გერმანიაში, ლონდონსა და ნიუ-იორკში, მაგრამ ვემზადებით კიდევ ევროპის სხვა ქვეყნებში გასატანად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნიმუშები გაგზავნილია. სიახლეა ის, რომ გერმანიაში ვართ „8000 მოსავალში“ წარმოდგენილები და მარაგები მეორეჯერ შევავსეთ, რაც ნიშნავს რომ ძალიან მოსწონთ ეს პროდუქტი. ასევე, 16-18 ნოემბერს ბათუმის მეორე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გაიმართა, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი შეფები მონაწილეობდნენ და მანდაც ვიყავით წარმოდგენილები. სებასტიან რიპარი იყო ჩამოსული ცნობილი გასტრო ექსპერტი. მას გადასცეს „მარილა“ საჩუქრად და ძალიან მოეწონა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
პროდუქტი მეტად ინოვაციური და უცხოა და რაც ყველაზე მთავარია ქვეყნის იდენტობის ნაწილია.
„პროდუქტი არის ინოვაციური, ქართული, უცხო და ასევე ჩვენი ქვეყნის იდენტობის ნაწილი. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ქვევრის ღვინის მარილი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს გარდა არავის არ აქვს. ქვევრში იმდენ ხანს არის ღვინო გაჩერებული, რომ სრულიად სხვა შემადგენლობა და ტანინები აქვს ასეთ ღვინოს. საფრანგეთში არის ღვინის მარილი, ესპანეთშიც არის მცირე რაოდენობით. არტიზანული პროდუქტია და ქარხნებში და საწარმოებში არ მზადდება. ხელით უნდა დამზადდეს ლიმიტირებულად. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში არის კლასიკური მეთოდით დავარგებული ღვინო, ანუ ჭაჭა - კლერტის გარეშე. ასევე წელს უკვე ვიყენებთ სიცილიურ მარილს. სიცილიაში არის ხმელთაშუა ზღვის მარილის კარიერები. ხშირად გვეკითხებიან მომხმარებლები თუ რომელ მარილს ვიყენებთ. ჩვენს მიერ გამოყენებულია ევროპული სტანდარტების პროდუქტი. ევროპული, იტალიური ზღვის მარილი, ასევე ნედლეულიც და ღვინოც საუკეთესო, მედალოსანი. ამ ეტაპზე გვაქვს მუკუზანის საფერავი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი და ძლიერი ღვინო არის თავისი შემადგენლობით. მინდა ხაზი გავუსვა რომ ღვინოც და მარილიც არის ძალიან ხარისხიანი. ძვირადღირებული ნედლეული, შეფუთვა ექსკლუზიური, ბოთლებიც, ასევე ეტიკეტიც. ამ ყველაფერს საჩუქრის შეხედულება აქვს. ადრე თუ მიჰქონდათ საქართველოდან ჩურჩხელა და ღვინო ახლა ღვინის მარილი მიაქვთ, როგორც ქართული სუფრის ნაწილი და ჩვენი იდენტობის ნაწილი “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.
ცნობისთვის, „მარილა“ არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით. პროდუქტი, იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით.
უახლესი
50 წუთის წინ
ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს3 საათის წინ
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა - საქსტატი