ჩვენი პრიორიტეტი საერთაშორისო მაგისტრალების განვითარებაა. აღმოსავლეთ-დასვლეთის მაგისტრალური გზის (430 კმ) ნახევარზე მეტი - 234 კმ - უკვე აშენებულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განუცხადა.
მისი თქმით, რიკოთი ამ გზის მთავარი არტერიაა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, რელიეფიდან, სირთულეებიდან გამომდინარე.
„ამიტომაც არის, რომ რიკოთის გზის მშენებლობას საუკუნის პროექტს ვუწოდებთ. ქვეყანაში მაგისტრალების განვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად და კონკურენციაში შევიდეს სხვადასხვა კორიდორებთან. პროექტის დასრულების შემდეგად გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო“, - აცხადებს გიორგი წერეთელი.
რიკოთის პროექტი, მასშტაბითა და მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა, 52 კმ-იანი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობას. ამ დროისთვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.
უახლესი