რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია „ლორუკა“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ლებანიძემ განუცხადა. მისივე თქმით, სატესტო რეჟიმშია ღორის ხორცისგან დამზადებული ბასტურმა და ასევე, ხდება ბაზრის მოკვლევა.
„ძირითადი ჩვენი ნაწარმი არის რაჭული ლორი. მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც დაჭრილ, ასევე დაუჭრელ რაჭულ ლორს, როგორც ძვლიანს, ასევე უძვლოს. გვაქვს ასევე სამი სახეობის სუთი (სალა) და ლუდზე მისაყოლებელი ჩხირები. ახლა დავიწყეთ და იტესტება ღორის ხორცისგან დამზადებული ბასტურმა. ვიკვლევთ რამდენად არის ბაზარი მზად იმისთვის, რომ ეს პროდუქცია ჩვენგან შეიძინონ და ასევე ღორის ქონი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
„ლორუკას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, როგორიცაა: ბარ-რესტორანი, კაფე და სხვა.
„მოთხოვნა საკმაოდ დიდია იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად და უცვლელად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბარ-რესტორნებთან, კაფეებთან, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქცია როგორც ბითუმ, ასევე ბითუს მომხმარებლებს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ტურისტებში, რომლებსაც გემოვნურად ძალიან აბედნიერებთ ჩვენი ლორი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მცირე მეწარმეები ვართ სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამის გაღება არ შეგვიძლია. ამის გამო ჩვენ თითქმის ყველა გამოფენა-გაყიდვაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც ჩვენს სექტორს ეხება. ვაცნობთ მომხმარებლებს ჩვენს თავს, ვუხსნით წარმოების ეტაპებს, ვაგემოვნებინებთ. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც გამოფენა-გაყიდვებზე, ასევე ონლაინ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი პროდუქციის მომზადების მეთოდია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი, უწყვეტობა და ის გემოვნური, ავთენტური გემოა, რომელიც რაჭულ ლორს უნდა ჰქონდეს. ჩვენი ლორი მზადდება ძველი ტრადიციული მეთოდით, ცივი შებოლვის მეთოდის საშუალებით. დამზადებას სჭირდება ორი თვიდან სამ თვემდე და ეს მის უნიკალურ გემოს გამოკვეთს “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ლორუკას“ სამომავლო გეგმა წარმოების 20-30 % -ით ზრდაა.
„სამომავლო გეგმები ჩვენი არის რომ უფრო მეტ ჰორეკა სექტორში ვიყოთ წარმოდგენილი და წარმოებაც დაახლოებით 20-30%-ით გავზარდოთ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარიამ ლებანიძე.
ცნობისთვის, „ლორუკამ“ საქმიანობა ოთხი წლის წინ დაიწყო იმ მიზნით, რომ მომხმარებლებისთვის უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებინა ხარისხიანი რაჭული ლორი. კომპანია, პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.
უახლესი
10 საათის წინ
როგორია Naninfinitas ასორტიმენტი და განვითარების გეგმები10 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა11 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა