ციტრუსებისა და ბროწეულის ფრეშების შემდეგ ,,რე-ფრეშმა" (Re-Fresh) ქართველ მომხმარებელს ფრეშების ბაზაზე დამზადებული ლიმონათი შესთავაზა.
ამ იდეის განხორციელებას პანდემიის ფონზე შექმნილმა განსხვავებულმა რეალობამ უბიძგა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი სალომე ინაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, პროდუქცია მთლიანად ქართული ნედლეულით მზადდება და ნატურალურია, რის სიმცირეც ბაზარზე აშკარად შესამჩნევია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „რე-ფრეში“ გაფართოებას და ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.
როგორც სალომე ინაძე ამბობს, „რე-ფრეშის“ ლიმონათების მიმართულება პანდემიური პერიოდის გამოწვევას უკავშირდება, რასაც გუნდმა წარმატებით გაართვა თავი.
„პანდემიის პერიოდში ხილის დიდი მარაგი დაგვრჩა, გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ახალ რეალობასთან ადაპტირება მოვახდინეთ და ნატურალური წვენის ბაზაზე დამზადებული ლიმონათები გამოვუშვით.
წარმოებაშია როგორც შაქრიანი, ასევე დიაბეტური, გაზისა და შაქრის დაბალი შემცველობის ნატურალური ლიმონათი, რასაც ბაზარზე ჯერჯერობით მცირე სეგმენტი უჭირავს.
მომხმარებელმა სიახლე კარგად მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ კრაფტია, ჩვენი წარმოება არის მცირე, თუმცა თითო ინდუსტრიაში ყველა ობიექტზე ვართ წარმოდგენილი, ძალები თითქმის ყველგან მოვსინჯეთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დაიკარგოს ის ხარისხი და სტანდარტი, რაც გვიჭირავს", - ამბობს სალომე ინაძე.
ამ ეტაპზე „რე-ფრეშის“ ლიმონათები მთლიანად ქართული ბაზრისთვის იწარმოება, თუმცა დიდია მოთხოვნაა ქვეყნის გარეთ, ექსპორტის შესაძლებლობაც ბრენდს ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ მიეცემა.
„ჩვენი პროდუქცია მასიურ წარმოებაზე არ არის გათვლილი. თუმცა მოთხოვნა ძალიან გაზრდილია ექსპორტის მიმართულებით, რასაც რაოდენობრივად ვერ ვაკმაყოფილებთ. ვმუშაობთ, რომ თანამედროვე სტანდარტის საწარმო გავხსნათ უახლოეს მომავალში, სადაც ნატურალური წვენი და ლიმონათი დამზადდება და გვექნება ასევე ხილის გადამამუშავებელი ხაზი, რომ უდანაკარგო წარმოება შევძლოთ", - ამბობს სალომე ინაძე.
„რე-ფრეშის“ ბრენდით ამ ეტაპზე 8 სახის ლიმონათი და ნატურალური წვენები იწარმოება. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს გახსნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ინტერესებშია პოზიციების გამაგრება მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და აშშ-ს ბაზრებზე.
უახლესი
1 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება