ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალი პროექტის - „ცენტრალ პარკ თაუერს"-ის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ორბი ჯგუფის" მიერ ხორციელდება. პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა კომპანიასა და საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ „რედისონ ბლუ"-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი - „ცენტრალ პარკ თაუერსი" 1500-ნომრიანი, ოცდახუთი ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე სწორედ „რედისონ ბლუ" დაიწყებს ოპერირებას.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის პროექტები არამარტო საინვესტიციო კუთხითაა მნიშნელოვანი, არამედ ქმნიან ახალი მიზიდულობის ცენტრებს ტურიზმისთვის, რადგან ესაა სასტუმრო კლასტერი. თავისთავად, ეს არის ორიგინალური პროექტი და პირველად საქართველოში განხორციელდება - ერთი ბრენდული სასტუმროს „რედისონ ბლუ"-ს გვერდით იქნება წარმოდგენილი იქნება ათი სხვადასხვა სასტუმრო სხვადასხვა მფლობელის ქვეშ, მაგრამ აქვე იქნება გაერთიანებული, საერთო მულტიფუნქციური სივრცეები, რომლითაც სტუმრები ისარგებლებენ. ვფიქრობ, ეს ინოვაციური პროექტი შექმნის ახალ მიზიდულობას და ქვეყანაში ახალ ტურისტულ ნაკადებს გააჩენს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
„ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკის მინისტრს პროექტის კონცეფცია და ინფრასტრუქტურული დეტალები, სამუშაო პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მისი ინფორმაციით, პროექტში განთავსდება რეგიონში ყველაზე დიდი ღონისძიებათა დარბაზი 2500 ადამიანზე, ყველაზე დიდი სამორინე საქართველოში, ძვირადღირებული ბრენდების პირველი მოლი.
„ცენტრალ პარკ თაუერს"-ის სივრცეში ასევე განთავსდება მსოფლიოს 7 წამყვანი სამზარეულოს პრემიუმ კლასის რესტორნები, მათ შორის მიშლენის ვარსკვლავის პირველი რესტორანი რეგიონში, პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუზები, თანამედროვე ავტომატიზირებული პარკინგი. კომპლექსის ინფრასტრუქტურის მართვაში მსოფლიოს წამყვანი ტოპ-კომპანიები იქნება წარმოდგენილი.
„საუბარია ძალიან მსხვილ ინვესტიციაზე - ორი წლის განმავლობაში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან პირდაპირი ინვესტიციები მისი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დასაქმების თვალსაზრისითაც - საუბარი შეეხება 2000-დან 3000-მდე პროფესიონალი ადამიანის დასაქმებას და ღირსეულ ანაზღაურებას. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობენ, თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ და ასეთ მაღალი დონის პირობებში შეძლონ პროფესიული ცოდნის გამოყენება და პროფესიული თვალსაზრისით საკუთარი თავის რეალიზაცია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის შეფასებით, პროექტი თბილისისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იქნება, რადგან კომპანიას უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს სასტუმრო და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რათა ასეთი პროექტები შეუფერხებლად და სწრაფად ხორციელდებოდეს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა