დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

04-08-2024 20:27:00

სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ პირველად, საქართველომ კრივში ოლიმპიური მედალი მოიპოვა

მოკრივე ლაშა გურულმა (63,5) ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზა. ის კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდა, შეხვედრა 0:5 დათმო და სადებიუტო ოლიმპიადაზე ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 27 წლის ლაშა გურული გახდა მეორე ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2000 წელს სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ჭანტურიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ლაშა გურულმა ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირის 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალიც გაინაღდა.
ლაშა გურული ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება. 
ლაშა გურულის მოპოვებული ჯილდო დამოუკიდებელი საქართველოს 44-ე ოლიმპიური მედალია. ასევე ეს არის მე-19 ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, რომელთაგან ორი მოკრივეების ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველომ ძიუდოს, ჭიდაობისა და ძალოსნობის გარდა ოლიმპიური მედალი სპორტის სხვა სახეობაში პირველად მიიღო. 2008 წელს ბრინჯაოს მედალი ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მოიგო. 
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები