დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარში დეპოზიტების ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია - გიორგი ღაღანიძე

ლარში დეპოზიტების ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია - გიორგი ღაღანიძე

18-06-2024 15:47:00

ლარში დეპოზიტების ზრდა თავისთავად ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა გამყარებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რომ რომ არა ეროვნული ვალუტისადმი მზარდი ნდობა, საბოლოოდ ციფრებში აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.

„ეს ობიექტური რეალობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ზრდა არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ გამყარდა ზოგადად ნდობა ლარის მიმართ, მეორე მხრივ, ალბათ ხდება გარკვეული თანხების აკუმულირება იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს სერიოზული ინვესტირება ბიზნესში. თავისთავად პროცესი უარყოფითი კონიუნქტურის მატარებელი არ არის“, - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

სებ-ის წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ სებ-ში განუცხადეს.

როგორც სებ-ში განმარტავენ, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია. დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს სებ-ში.

ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები